ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე
ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე

ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე (14.XII.1888, ფარცხანაყანევი-06.I.1969, თბილისი,  დაკრძალულია თსუ-ის პანთეონში), ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი, თსუ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამავე უნ-ტის პრორექტორი, მსოფლიო ლიტ-რის ისტორიის კათედრის გამგე, ქართ. ფილოსოფიის ისტორიის მეცნ. სკოლის ფუძემდებელი. დაწყებითი განათლება მიიღო ხონის დაწყებით სკოლასა და საოსტატო სემინარიაში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში (1897-დან), სადაც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტ. ცხოვრებაში (1904-1905). ჩაირიცხა პეტერბურგის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტის ფილოსოფიის მიმართულებაზე (1906). უნ-ტის ფილოსოფიის სემინარის საჯარო სხდომაზე წაიკითხა მოხსენება „ფილოსოფიური და ისტორიული მატერიალიზმი“(1907). უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ისტორიის, ფსიქოლოგიისა და ლათინური ენის მასწავლებლად ყუბანის ოლქში (1910), იყო პეტერბურგის უნ-ტის ლექტორი (1916-1918). შემდგომ ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მიენიჭა პრივატ-დოცენტის სტატუსი (1917). ნ. შ-ს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თსუ-ის დაარსებასა და განვითარებაში. იყო უნ-ტის პრორექტორი (1920-1929), სხვადასხვა დროს-დეკანი, ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორი, კათედრის გამგე. 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მსოფლიო ლიტ-რის ისტორიის კათედრას, რომლის საფუძველზეც შემდგომ შეიქმნა დასავლეთევროპული ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი. თსუ-ში მოღვაწეობის პერიოდში შექმნა არაერთი სახელმძღვანელო და მონოგრაფია. გამოსცა „ლოღიკა. ელემენტარი სახელმძღვანელო“ (1919), შემდგომ კი „ლოღიკა (საშ. სასწავლებელთათვის)“(1920). მისი ნაშრომებია: „ხელოვნების თეორია“, „კანტი კაცობრიობის აზროვნების პერსპექტივაში“, „შემეცნება, როგორც რაციონალური პრობლემა“, „ალეთოლოგიის საფუძვლები“ და სხვ. ნ. შ. იყო ლაიფციგის უნ-ტის მოწვეული პროფესორი (1925-1926). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (1927). მუშაობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახ. მსოფლიო ლიტ-რის ინ-ტში პროფესორად (1940-1941). შემდგომ სამეცნ. საქმიანობა განაგრძო თბილისში (1942). ნ. შ-მ პოლიტ. საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში. იყო სოციალ-დემოკრ. პარტიის ბოლშევიკური ფრთის წევრი (1904-1911), შემდგომ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი (1915 წლიდან). ნ. შ. ტაშისკარში დააკავეს (1938); ბრალად ედებოდა გერმანიის სასარგებლოდ შპიონაჟი და კონტრრევოლუციური საქმიანობა. მოსკოვში გადაყვანის შემდეგ ციხეში ყოფნისას დაევალა „ვეფხისტყაოსნის“ რუსულად თარგმნა. თარგმანის შესრულების შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ნ. შ.-ს სტალინის გარდაცვალების შემდეგ კვლავ წაუყენეს ბრალდებები (1953); ჩამოართვეს საქ. სსრ მეცნ. აკადემიის აკადემიკოსის ხარისხი და გაათავისუფლეს თსუ-დან. მოგვიანებით მეცნ. სტატუსი აღუდგინეს (1960). მიენიჭა საქართვ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწის წოდება (1963). ნ. შ. კვლავ დაბრუნდა თსუ-ში ლექტორის რანგში (1967). თამაზ და თამარ ნუცუბიძეებმა მისი პირადი ბიბლიოთეკა თსუ-ის ბიბლიოთეკას გადასცეს (2013).

თხზ.: ნუცუბიძე, შ. (1920). ფილოსოფიის შესავალი: ნაწ. 1: შემეცნების პრობლემა. ტფ.: სტამბა სახალხო საქმე; ნუცუბიძე, შ. (1922). ალეთოლოგიის საფუძვლები: წ. 1: ჭეშმარიტების პრობლემა. ტფ., სახალხო მეურნეობის უმაღლ. საბჭოს სტამბა; ნუცუბიძე, შ. (1923). ლოღიკა: პროპედევტიული კურსი. ტფ., სახელგამი; ნუცუბიძე, შ. (1926). Wahrheit und Erkenntnisstruktur. Erste Einleitung in den aletheiologischen Realismus. Berlin und Leipzig: Walter de Gruyter; ნუცუბიძე, შ. (1931). Philosophie und Weisheit. Spezielle Einleitung in die Aletheiologie. Berlin und Königsberg: Ost-Europa-Verlag; ნუცუბიძე, შ. (1956,1958). ქართული ფილოსოფიის ისტორია: ტ.1-2. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკადემიის გამ-ბა; ნუცუბიძე, შ. (1957). Шота Руставели, Витязь в Тигровой Шкуре. Тб.; ნუცუბიძე, შ. (1965). კრიტიკული ნარკვევები: ფილოსოფია და კულტურა. თბ., საბჭ. საქართველო;

ლიტ.: ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე. ქართული საბჭოთ ენციკლოპედია: ტ.7, თბ., 1984; ნუცუბიძე, ქ. (1988). შალვა ნუცუბიძე. თბ., ნაკადული; ხიდაშელი, შ. (1989). შალვა ნუცუბიძე: (ცხოვრება და მოღვაწეობა). თბ. უნ-ტის გამ-ბა, ამომცემლობა.