-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ნოღაიდელი ალექსანდრე (ახმედ) იზეთის ძე (8.III.1908, ქობულეთის რ-ნი სოფ. წყავროკა - 26.IX.1977, თბილისი, საბურთალოს საზ. მოღვაწეთა პანთეონი), დაამთავრა ბათუმის პედ. სასწავლებელი (1928). მუშაობდა ჯერ ბათუმის ა. მგელაძის სახ. სასწავლებელში პედაგოგად, ხოლო შემდეგ მასწავლებლად ქობულეთის რვაწლიან სასწავლებელში. ჩაირიცხა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტზე (1930), პარალელურად აგრძელებდა სწავლას კონსერვატორიაში კომპოზიტორ შ. მშველიძის ხელმძღვანელობით. სწავლის გასაგრძელებლად გადავიდა მოსკოვის პედ. ინ-ტის ქიმიურ ფაკ-ზე (1932-1934). ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თსუ–ის ასპირანტურაში ორგ. ქიმიის სპეციალობით. ამ პერიოდში ერთი წლის განმავლობაში ასრულებდა ასისტენტის მოვალეობას და ლაბორატორიულ პრაქტიკებს ატარებდა სხვადასხვა ფაკ-ზე (1934-1935). ქვეყანა მოითხოვდა სინთეზური ქიმიის განვითარებას და სპეციალისტების მომზადებას. ამ მიზნით ნ.ა. ი. გვრდწითელთან ერთად სამუშაოდ გაგზავნეს ქ. ლენინგრადის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინ-ტში, სადაც მათ ხელმძღვანელობას უწევდა ორგ. ქიმიის ცნობილი სპეციალისტი პროფ. ი. სიგიზმუნდის ძე ზალკინდი (1935). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „გამოკვლევები აცეტილენური და ეთილენური გლიკოლების დარგში“ (1938). იმავე წელს დაბრუნდა თსუ-ის ორგ. ქიმიის კათედრაზე. ამ დროისთვის კათედრაზე არ არსებობდა საკვლევო ხასიათის ლაბორატორია ორგანულ სინთეზში. მან საქართველოში პირველმა შექმნა ორგ. ქიმიის სინთეზის ლაბორატორია, რომელსაც სამი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის მუშაობდა ორგ. ქიმიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1938-1949). ლენინგრადის ქიმიურ-ტექნოლ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს სხდომაზე წარმატებით დაიცვა დისერტაცია ქიმიის მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად (1948). იგი იყო ორგ. ქიმიის კათედრის პროფესრი (1949) და პირველი დოქტორი ორგ. სინთეზის დარგში საქართველოში. ნ.ა. თსუ-ში ეწეოდა მრავალმხრივ პედ. მოღვაწეობას. წლების განმავლობაში კითხულობდა ორგ. ქიმიის კურსს როგორც ქიმიის ფაკ-ტის და არაქიმიური ფაკ-ტის სტუდენტებთან, ასევე ლექციებს ისეთ სპეციალურ საგნებში, როგორიცაა ციკლურ ნაერთთა ქიმია, მეტალორგანულ ნაერთთა ქიმია, მომწამვლელ ნივთიერებათა ქიმია, ორგ. სინთეზი, ორგანულ ნაერთთა აგებულების თეორია. ხელმძღვანელობდა ლაბორატორიულ სამუშაოებს, ასპირანტებს, სტუდენტთა საკურსო და სადიპლომო ნაშრომებს. ქიმიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის გარდაცვალებამდე კითხულობდა მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კურსს (1977). მისი ხელმძღვანელობით ორგ. ქიმიის კათედრას გამოეყო მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრა (1969), რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე (1977). წლების განმავლობაში შეთავსებით და საზ. საწყისებზე მუშაობდა გორის და ბათუმის პედ. ინ-ტებში, ასევე კიბერნ., სამედ., ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტებში. ავტორია ორგანულ ქიმიაში ქიმიკოსებისა და არაქიმიკოსებისათვის ქართულ ენაზე ორიგინ. სახელმძღვანელოების, ორი მონოგრაფიის. არის მრავალი წიგნის რედაქტორი, თარგმნილი აქვს სხვადასხვა სახელმძღვანელო. ნ.ა. არის 230-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მას ეკუთვნის რიგი გამოგონება, რომელზედაც მიღებული აქვს საავტორო უფლება. მისი შრომები სამჯერ იყო პრემირებული მენდელეევის საზ-ების საქართვ. განყ-ების პრეზიდიუმის მიერ. იყო 20-მდე მეცნიერთა კანდიდატის აღმზრდელი და ორი სადოქტორო ნაშრომის კონსულტანტი. პროფ. ნ.ა.-ს მიერ დამუშავებული საკითხები ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით, ექსპერ. მონაცემების სიუხვით, პრაქტ., თუ თეორიული ხასიათის დასკვნებით. მისი მეცნ. მოღვაწეობა იყოფა ორ ნაწილად: შრომების პირველი ნაწილი ასახავს კვლევის შედეგებს ორგ. ქიმიის დარგში - კერძოდ აცეტილენის, ვინილაცეტილენის და მათი წარმოებულების ქიმიაში (1938-1962), ხოლო შრომების მეორე ნაწილი მონომერების და მაღალმოლეკულური ნაერთების ქიმიის დარგში (1962-1977). იყო დ.ი. მენდელეევის სახ. საკავშ. ქიმიური საზ-ების საქართვ. განყ-ების პრეზიდიუმის წევრი (1939-დან). ასრულებდა პრეზიდიუმის სწავლული მდივნის მოვალეობას (1948-დან), იყო საქართვ. საზ-ება „ცოდნის“ გამგეობის წევრი, უმაღლ. სკოლებისა და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს სამეცნ. ტექ. და სასწ. მეთოდური საბჭოს სექციის თავ-რე, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის სამეცნ.-პრობლემური სექციის წევრი, უმაღლ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს საპრობლემო -ტექ. და სასწ. მეთოდური საბჭოს წევრი, თსუ-ის ორგ. და ფიზ. ქიმიის სადოქტორო დისერტაციების მიმნიჭებელი სპეციალიზირებელი სამეცნ. საბჭოს თავ-რე., სამეცნ. და პედაგოგიურ სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო მთავრობის საპატიო ჯილდოებით. მის მიერ აღიზარდა თაობები, რ-ებიც წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას როგორც უნ-ტში, ასევე სხვადასხვა სამეცნ. კვლევით დაწესებულებებში.
თხზ.: ნოღაიდელი, ა. (თანაავტორი). (1967). ორგანული ქიმიის კურსი, ნაწ. 1. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნოღაიდელი, ა. (თანაავტორი). (1973). ორგანული ქიმიის კურსი, ნაწ. 2. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნოღაიდელი, ა. (თანაავტორი). (1975). ორგანული ქიმიის კურსი, ნაწ. 3. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნოღაიდელი, ა. (თანაავტორი). (1960). ორგანული ქიმიის კურსი არასპეციალური ფაკ-ტის სტუდენტთათვის. თბ., უნ–ტის გამ–ბა.