-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ლექსიკოლოგი
ნიჟარაძე შოთა (1915, სოფ. ვაიო, ქედის რაიონი — 1989) ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ლექსიკოლოგი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი აღმოსავლური და კავკ. ენების განხრით (1941). გარდაცვალებამდე სამეცნ.-პედ. საქმიანობას ეწეოდა ბათუმის რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტში (1946-დან), ხელმძღვანელობდა ქართ. ენისა და ლიტ-რის კათედრას (1967-1985); იგი არჩეული იყო საქართვ. მეცნ. აკად. დიალექტოლოგიისა და ენის ისტ. საკოორდინაციო და თსუ-ის სპეციალიზებული საბჭოების წევრად. იგი ძირითადად იკვლევდა აჭარულ კილოს სხვადასხვა კუთხით. ავტორია 50-მდე ნაშრომისა, მათ შორის, 4 მონოგრაფიაა. აჭარული დიალექტისთვის დამახასიათებელი ფონეტ.-გრამატ. და ლექსიკური მოვლენები დაწვრილებით არის აღწერილი და გაანალიზებული მონოგრაფიებში „ზემო აჭარულის თავისებურებანი“ (ბათუმი, 1957) და „ქართული ენის ზემოაჭარული დიალექტი“ (ბათუმი, 1961). აჭარული მეტყველების შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარულში, ნაცვლად ორი (ზემო და ქვემო აჭარული) კილოკავისა, უნდა გამოიყოს სამი კილოკაური ერთეული: ზემოაჭარული (ხულოსა და შუახევის რაიონები), ქვემოაჭარული (ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონები) და ქობულეთური (ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონები). ამ კლასიფიკაციით კილოკაური დიფერენციაცია შეესაბამება მხარის ისტ.-გეოგრ. და ეთნ. დაყოფას. მისი აზრით, სპეციფიკური დიალექტური თავისებურებანი ყველაზე კოლორიტულად შემონახულია ქვემო აჭარულში, კერძოდ, ქედის რაიონის მეტყველებაში, რ-იც შედარებით დაცულია სხვა კილოთა გავლენისაგან. მან შეისწავლა აჭარული კილოს ლექსიკაც, რაც აისახა მონოგრაფიაში „ქართული ენის აჭარული დიალექტი. ლექსიკა“ (ბათუმი, 1971). ავტორი გამოყოფს აჭარული ლექსიკისათვის დამახასიათებელ ძირითად პლასტებს: არქაიზმებს, ზანიზმებს, უშუალო და შუალობითი გზით შემოსულ თურქ.-არაბ.-სპარს. ნასესხობებს. განსაკუთრებით ფასეულია მონოგრაფიის მეორე ნაწილი — ლექსიკონი, რ-იც 8000 სიტყვა-სტატიას შეიცავს; გამოირჩევა მასალის საიმედოობით, ფრაზეოლოგიზმებისა და იდიომატური გამოთქმების სიუხვით და დღემდე აჭარული კილოს შეუცვლელ ლექსიკონად რჩება. იგი გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1972), მოგვიანებით — პროფესორი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ნიჟარაძე, შ. (1957). ზემოაჭარულის თავისებურებანი: გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონითურთ. აჭარის ასსრ სახელგამი; ნიჟარაძე, შ. (1961). ქართული ენის ზემოაჭარული დიალექტი: გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონებითურთ. აჭარის სახელგამი; ნიჟარაძე, შ. (1975). აჭარული დიალექტი: ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსიკა (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა; ნიჟარაძე, შ. (1979). აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა: სტატიების კრებული (თანაავტორი). კრ. N2. მეცნიერება.