-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დოქტორი
ნიორაძე მიხეილ სერგოს ძე (6.X.1941 თბილისი - 5.III.2024, თბილისი), წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრა თბილ. რკინიგზის მე-7 ვაჟთა საშ. სკოლა (ამჟამად 53-ე საჯარო სკოლა, 1958) და ასევე წარჩინებით, წითელ დიპლომზე თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით (1963). ნ. მ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „დეიტრონის ბირთვის უმეზონო დაშლითი რეაქციების მექანიზმების კვლევა“ (1975) და „რეზონანსული მოვლენების შესწავლა მსუბუქი ბირთვების დაშლით პროცესებში“ (1991), შესაბამისად. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში თემაზე „წყალბადის ბუშტოვანი კამერის დამზადებასა და ფილმური ინფორმაციის დამუშავება“ უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (1965-დან). ნ. მ. მივლინებულ იქნა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში, და მუშაობდა თემაზე: „მსუბუქი ბირთვების პროტონებთან ურთიერთქმედების მექანიზმი“ (1971-დან). დაბრუნდა თსუ-ში და ახალგაზრდა ფიზიკოსებთან ერთად აქტიურად ჩაება თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში ფილმური ინფორმაციის ავტომატიზირებული დამუშავების ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშ. თანამშრომლობის "დუბნა-ვარშავა-თბილისი-კოშიცე-მოსკოვი-სტრასბურგი“ კვლევებში (1975-დან). აღნიშნული პრობლემური ლაბორ. ბაზაზე შეიქმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (1980), სადაც ნ. მ. დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა ჯერ ბუშტოვანი კამერების ლაბორატორიას, შემდეგ - რელატივისტური ბირთვული ფიზიკის განყ-ბას (1996-დან). თსუ-ის ნ. ამღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის სამეცნ. საბჭომ ნ. მ აირჩია ინ-ტის დირექტორად (2004-დან), რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. ნ. მ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო იყო: რელატივისტური ბირთვულ ფიზიკა და სპინის ფიზიკა. იყო მრავალი ადგილ. და საერთაშ. (ISF, ISTC) სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ./მონაწილე. კოლეგებთან ერთად იყო 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნ. მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალეში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მოხსენებულია საერთ. კონფერენციებზე: „Observation of an “ABC” Effect in Proton-Proton Collisions“ (PRL 102,192301, 2009); „New Method for a Continuous Determination of the Spin Tune in Storage Rings and Implications for Precision Experiments“ (Phys. Rev. Lett. 115, 094801, 2015); „How to Reach a Thousand-Second in-Plane Polarization Lifetime with 0.97−GeV/𝑐 Deuterons in a Storage Ring“ (Phys. Rev. Lett. 117, 054801, 2016). ნ. მ. კითხულობდა ლექციების სპეც კურსს ექსპერ. ბირთვულ ფიზიკაში და სამაგისტრო კურსს „ექსპერიმენტული კვლევის მეთოდები ნაწილაკების ფიზიკაში“. იყო ხელმძღვ. სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების, მრავალი სადიპლომო/სამაგისტრო ნაშრომის, ექვსი ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა და ორი აკად. დოქტორის სადისერტაციო ნაშრომის; ამათგან ორი ა. კაჭარავა და ი. ქეშელაშვილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინ-ტის მეცნ. თანამშრომლები არიან. ნ. მ.-ის ჯგუფი დღემდე თანამშრომლობს გერმანიის ქ. იულიხის ბირთვული კვლევების ინ-ტთან (1992-დან). ნ. მ. კოლეგებთან ერთად რამდენჯერმე იყო მიწვეული COSY ამაჩქარებელზე (გერმანია) დაგეგმილ ექსპერიმენტებში: უცნაური მეზონების ზღრუბლს ქვედა ენერგიებზე დაბადების მექანიზმის შესწავლა; პოლარიზაციული ეფექტების კვლევა პროტონ-დეიტრონის ურთიერთქმედებებში. ნ. მ.-ის ინიციატივით დაიწყო თსუ-ში გერმანულ-კავკასიური სკოლა-სემინარის ჩატარება ჰადრონულ ფიზიკაში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ (2004-დან). სამეცნ. თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაფართოების მიზნით იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინ-ტის დირექტორის პროფ. ჰ. შტროერის მიერ შემოთავაზებული ქართულ-გერმ. სამეცნ. ხიდის კონცეფციის ფარგლებში სამეცნ. კავშირები დამყარდა იულიხის ცენტრში შემავალ ინ-ტებსა და ქართულ კონსორციუმში შემავალ უნ-ტებს შორის (თსუ, სტუ, ილიას, აგრარული, 2008-დან). ამ იდეას მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოებრივ დონეზე (საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი). ნ. მ.-ს მიენიჭა თსუ-ის პროფესორის წოდება (1996) და არჩეულ იქნა თსუ-ის პროფესორთა საბჭოს წევრად. ასევე იყო თსუ-ის და ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტის სადისერტაციო დაცვის საბჭოს წევრი. ნ. მ.-ს მიენიჭა აშშ-ის ფიზიკოსთა საზ-ების პრემია (1993), ხოლო კოლეგებთან ერთად - ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის პრემია ნაშრომათა ციკლისთვის „მსუბუქი ბირთვების წყალბადთან უერთიერთქმედება“ (1998); ნ. მ.-ს კოლეგებთან ერთად მიენიჭა საქართვ. ეროვნ. პრემია ნაშრომთა ციკლითვის „სინათლის ფრონტის ფორმალიზმი შედგენილი სისტემებისათვის და მისი ზოგიერთი გამოყენება ნაწილაკთა და რელატივისტურ ბირთვულ ფიზიკაში“ (2009). ნ. მ. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენითა (2013) და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით უნ-ტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის (2014).