ნიორაძე გიორგი  ყაფლანის ძე
ნიორაძე გიორგი ყაფლანის ძე

ნიორაძე გიორგი ყაფლანის ძე (12.XII.1886, სოფ. შროშა, ზესტაფონის რაიონი-10.XII.1951, თბილისი), არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1933), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1946), საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1944). დაამთავრა მოსკოვის უნ-ტი (1921); სწავლობდა ბერლინისა და ჰამბურგის უნ-ტში; მუშაობდა არქეოლ. და ეთნოგრაფიის მუზეუმებში, მონაწილეობდა არქეოლ. გათხრებში. გერმანიაში ყოფნისას გამოაქვეყნა სადოქტორო ნაშრომი: „შამანიზმი ციმბირის ხალხებში“ (1923), „მთის ოსები და მათი ქვეყანა“(1923), შემდეგ სქელტანიანი გამოკვლევა „დაკრძალვა და მიცვალებულის კულტი ხევსურებში“ (1935). გ. ნ. ივ. ჯავახიშვილის შუამდგომლობითა და წარდგინებით დაინიშნა საქართ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლ. და ეთნოგრაფიის განყ-ების ხელმძღვ. (1925);  საქართვ. მუზეუმში წამოწყებული არქეოლ. კვლევა-ძიებასთან ერთად იგი შეუდგა პედ. მუშაობას შეუდგა თსუ-ში (1926-1930); კითხულობდა ლექციებს ჯერ პრეისტორიის და შემდეგ - წინარეკლასობრივი საზოგადოების ისტორიაში; იკვლევდა დევისხვრელის მღვიმე-საცხოვრისს (1930), ქვემო სასირეთის განძს (1931-1932); აწარმოებდა ზემოავჭალის სამარის არქეოლ. კვლევას (1927). მან თსუ-ში ჩამოაყალიბა არქეოლოგიის კათედრა, რომელსაც თავადვე განაგებდა (1934 წლიდან).  საქართვ. სსრ განსახკომის რესპ. საკვალიფიკაციო კომისიის მიერ დამტკიცებული იყო არქეოლოგიის დოქტორად (1935) და დაინიშნა საქართვ. არქეოლოგიის  სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორად (1936); ნ. მარის სახ. ენის, ისტ. და მატერ. კულტურის ინ-ტის ანთროპოლოგიის, არქეოლ. და ეთნოგრაფიის სექტორის გამგედ (1936). ნ. გ.-ის  არქეოლ. გამოკვლევები მოიცავს დიდ ქრონოლ. დიაპაზონის ძეგლებს ქვის ხანის მღვიმე–-საცხოვრისებიდან ფეოდალურ ხანამდე. მისი ეთნოლოგიურ-ანთროპოლ. გამოკვლევები ეძღვნება ქართველთა, ოსთა, კავკასიის თუ ციმბირის ხალხთა ყოფას, რელიგიას, საზოგადოდ, კულტის სამყაროსა და ისტორიის საკითხებს. მისი მეცნ. კვლევის მეთოდებისათვის დამახასიათებელია არქეოლ. მასალის შესწავლისას ეთნოგრ. და ანთროპოლოგიური მონაცემების ფართოდ მოშველიება. ნ. გ.-იმ პირველმა შეძლო მოეპოვებინა დიდძალი მასალა ქვის ხანის ადამიანის არსებობის შესახებ საქართველოში. ნაშრომი „პალეოლითის ადამიანი დევისხვრელში“ (1933) პირველი მონოგრაფია იყო პალეოლითის შესახებ მთლიანად კავკასიისათვის, რ-იც მეცნიერულად დაასაბუთა ძველი ქვის ხანის დროის ადამიანის არსებობა საქართველოში. მის სახელთანაა დაკავშირებული საკაჟიას  მღვიმის გათხრა, რ-საც მიუძღვნა მონოგრაფია - „ქვის ხანის ადამიანი საკაჟიას გამოქვაბულში“ (1953). მის სახელთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, პალეობოტანიკური და პალეოზოოლოგიური ნაშთების გამოყენება მეოთხეული ფლორისა და ფაუნის სახეების დასადგენად. მან საფუძველი ჩაუყარა საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიღწევების გამოყენების საქმეს საქართვ. პალეოლითმცოდნეობაში. ნ. გ.-ის დიდი წვლილი მიუძღვის მცხეთის არქეოლ. გათხრების ჩატარებაში. კარსნისხევის შესართავთან მის მიერ წამოწყებული გათხრებით ჩაეყარა საფუძველი „დიდი მცხეთის“ არქეოლოგიურ კვლევას. ამ გათხრებს მიეძღვნა ნაშრომი „კარსნისხევის სასაფლაო“ (1926). ნ. გ. თხრიდა გვიანანტიკური ხანის სამარხებს წიწამურის ველზე, სამაროვანს ზემოავჭალაში და ხელმძღვანელობდა მცხეთის არქეოლ. შესწავლისათვის შექმნილ ჯგუფს (1937), აგრეთვე, ს. ჯანაშიასთან ერთად ხელმძღვანელობას უწევდა გათხრებს მცხეთაში (1938). „დიდი მცხეთისადმი“ მიძღვნილ ნაშრომთა შორის მნიშვნელოვანია „ზემოავჭალის სამარე“ (1931). პირველად ნ. გ.-მ  სცადა დაესაბუთებინა ადგილობრივი წარმოშობა და განვითარება მის მიერ აღმოჩენილი „ბოლოკვეთილი მახვილისა“ და, საზოგადოდ, ბრინჯაოს კულტურისა, რ-საც ეტყობა მცირე აზიისა და ეგეოსის ზღვის ქვეყნების ადრე დაწინაურებულ კულტურათა გავლენა. მან რკინის დამუშავების საწყისი საქართველოში XIV--XIII სს. დაუკავშირა. გ.ნ. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს ალაზნის ველზე, სადაც გამოვლინდა „იალოილუ-თაფას“ კულტურა (1937). მონოგრაფიაში „ალაზნის ველის გათხრები“ მან გამოაქვეყნა ანტიკური ხანის ცნობილი კომპლექსის, ე. წ. „იალოილუ-თაფას“ კულტურის მანამდე უცნობი ადგილობრივი კერის (არხილოს-კალოს) არქეოლ. კვლევის შედეგები. მან დაამტკიცა, რომ ალაზნის ველის კერამიკის მთავარი სახეობების წარმოშობით წინააზიიდან უნდა იყოს, ხოლო ამ კერამიკის მქონე ხალხს დიდი კავშირი ჰქონდა წინააზის მაცხოვრებლებთან, კერძოდ, მცირე აზიასთან. ნ. გ. არქეოლოგიურ სამუშაოებს ატარებდა მესხეთში, მტკვრის ხეობაში ბორჯომსა და ახალციხეს შორის (1941); სოფ. ქვიშნარში (1946); სამგორის ყორღანზე (1949); იკვლევდა წითელწყაროს არქეოლოგიურ ძეგლებს  (1947). მნიშვნელოვანია ნ. გ.-ის ნაშრომები: „კარსნის ხევის სასაფლაო“, „ზემოავჭალის სამარე“, „მიცვალებულთა ჰაერზე დამარხვა“, „ქვემო სასირეთის განძი“, „ძველი ქვის ხანა კავკასიაში“, „არქეოლოგიური გათხრები კოლხიდაში“, „დმანისის ნეკროპოლი და მისი ზოგიერთი თავისებურება“ და სხვ.  არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი „საკულტო დანიშნულების რკინის ფეხსაცმელი“. 

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ნიორაძე, გ. (1931). ზემოავჭალის სამარე. თბ.; ნიორაძე, გ. (1933). პალეოლითის ადამიანი დევისხვრელში. თბ.,  საქ. მუზეუმის გა-ბა;  ნიორაძე, გ. (2011). შრომები: 5 ტომად: ტ. 1: საქართველოს გვიანბრინჯაოს, ანტიკური და შუასაუკუნეების ხანის არქეოლოგიური ძეგლები. თბ., მეცნიერება, ISBN: 9789941910586; ნიორაძე, გ. (2016). ადრეული ჰომინიდების ადგილსამყოფელი დმანისში და მისი ქვის ინდუსტრია. თბ., ISBN: 9789941465444;  ნიორაძე, გ. (2018). შრომები: 5 ტომად: ტ. 4: ანთროპოლოგიურ-ეთნოგრაფიული გამოკვლევები: თბ. ISBN: 9789941958649. 

ლიტ.: ჭილაშვილი, ლ. (1989). გიორგი ნიორაძე. საქარ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე: ტ. 60: ეძღვნება გ. ნიორაძის 100 წლისთავს - 1886-1986. თბ., მეცნიერება; აფაქიძე, ა. (1988). გიორგი ნიორაძის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა.თბ.; გიორგი ნიორაძე: ბიობიბლიოგრაფია. თბ., მეცნიერება.