-
ავტორი
- კატეგორიები: ჰიდროდინამიკოსი
ნიკურაძე ივანე ილიას ძე (20.X.1894, სამტრედია - 18.VII.1979, გიოტინგენი), ნ.ი. უმცროს ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად ჩაირიცხა თსუ-ში (1918). ძმები საქართვ. მაშინდელი მთავრობის მიერ სასწავლებლად გაიგზავნენ გერმანიაში. მუშაობდა ლ. პრანდტლთან გიოტინგენის პრანდტლის სახ. ჰიდროაეროდინამიკის ინ-ტში (1920-1934). როგორც ლ. პრანდტლის სტუდენტმა, მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და მუშაობდა მკვლევარად კაიზერ ვილჰელმის (დღვანდელ მაქს პლანკის) დინამიკის ინ-ტში; დაინიშნა ამავე ინ-ტის განყ-ბის უფროსად; ჩაატარა უნიკალური ექსპერიმენტები ლამინარული და ტურბულენტური სითხეების დინებების ხახუნის შესასწავლად, თუ როგორ გაედინებოდა იგი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი წიგნად გამოიცა (1933). რეინოლდსის რიცხვის დიდი მნიშვნელობებისათვის მიიღო ემპირიული ფორმულა ჰიდროაეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტისათვის, რ–იც მის სახელს ატარებს. ცნობილია მისი სახ. მრუდები და დიაგრამები, რ–ებიც ჰიდრავლიკაში გამოიყენება. მან შეისწავლა მილების ხორკლიანობის გავლენა წინააღმდეგობის კოეფიციენტზე. ამ ექსპერიმენტში იგი იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და, აქედან გამომდინარე, წნევის დანაკარგი. პრანდტლის თეორიის ექსპერ. დასაბუთება მოცემულია მის კლასიკურ ნაშრომებში. იგი ბრესლაუს უნ-ტში ჰიდრავლიკისა და გამოყენებითი ჰიდროდინამიკის კათედრაზე მეცნ.-ხელმძღვანელის თანამდებობაზეა (1934-1945) და აახენის უნ-ტის საპატიო პროფესორია (1945-დან). ომისშემდგომ პერიოდში იგი თავის უმცროს ძმასთან–ალექსანდრესთნ ერთად აწარმოებდა ერთობლივ მეცნიერულ გამოკვლევებს ელექტრონული და იონური ტექნიკის ინ-ტში; პარალელურად მუშაობდა ჰიდროდინამიკის ისტორიაზე, რადგან თვლიდა, რომ შეუძლებელია რაიმე არსებთი სიახლის მიღწევა, მთელი ჰიდროდინამიკის განვითარების ისტორიის გათვალისწინების გარეშე. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია გამოქვეყნებული მისი საგანგებო ნაშრომი (1942), რომელშიც იგი იძლევა "სითხის დინამიკის" მთელ გენეალოგიურ შტოს. იგი წარმატებით მუშაობდა აეროდინამიკაშიც - საბრძოლო თვითმფრინავებისა და ატომური ბომბის აეროდინამიკაზე. იყო გერმანიაში მოღვაწე ქართვ. მეცნიერი ჰიდრომექანიკასა და ჰიდრავლიკაში, გამოჩენილი ექსპერიმენტატორი, ბრესლაუს უნ-ტისა და უმაღლ. ტექ. სასწავლებლის პროფესორი.ა