ნიკურაძე ალექსანდრე ილიას ძე
ნიკურაძე ალექსანდრე ილიას ძე

ნიკურაძე ალექსანდრე ილიას ძე (10.X.1900, სამტრედია- 13.VI.1981, მიუნხენი). ნ.ა. უფრ. ძმასთან, ივანესთან ერთად ჩაირიცხა თსუ-ში(1918). ძმები საქართვ. მაშინდელი მთავრობის მიერ სასწავლებლად გაიგზავნენ გერმანიაში (1919). წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ (1921) ნ.ა. სამშობლოში აღარ დაბრუნდა, მოგვიანებით კი გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. იგი აქტიურად იყო ჩაბმული გამოყენებადი ფიზიკის სფეროში. იკვლევდა დიელექტრულ მასალებს, მუშაობდა იონთა და ელექტრონთა თეორიებზე. იბეჭდება სამეცნ. გამოცემებში – "ფიზიკა", "ფიზიკური ქიმია", "ელექტროტექნიკა" (1928-დან). მუშაობდა მიუნხენისა და ბერლინის უმაღლ. ტექნიკურ სასწავლებლებში პრივატ–დოცენტად, შემდეგ პროფესორად (1930-დან). ბერლინში, გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი "თხევადი დიელექტრიკები" (1934), რომლის რუსული თარგმანი  მოსკოვში გამოიცა (1936). მიუნხენში ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ სამეცნ.–კვლევით ინ–ტს, სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტონებს). შთამბეჭდავია მისი პოლიტ. საქმიანობა და გეოპოლიტიკური ნააზრევი. იყო კონტინენტალური ევროპის კვლევის ინ–ტის ხელმძღვ., საქართვ. და კავკასიის გერმანელთა საშუალებით განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი (კავკ. კონფედერაცია საქართვ. წამყვანი როლით და გერმანიის პროტექტორატით), მეგობრობდა ა. როზენბერგთან, რ–იც მის რჩევებს ენდობოდა. იზიარებდა ჰაუსჰოფერისა და შპენგლერის შეხედულებებს. ბევრს მოგზაურობდა ევროპაში და კითხულობდა ლექციებს. Al. Sanders-ის ფსევდონიმით არის რამოდენიმე გეოპოლიტიკური წიგნის ავტორი: "Kaukasien geschichtlicher umriss", რ–იც გერმანიაში 3 ჯერ გამოიცა, აგრეთვე "Osteuropa", და სხვა. ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრაციულ პრესაში ("ბედი ქართლისა" და სხვა.). ეხმარებოდა გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილ ქართველებს. პროფესორ გ. შარაძემ მისი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.