-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი ფიზიკოსი პროფესორი
ნიკოლაძე გიორგი (11.VIII.1888 სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი - 5.II.1931, თბილ., დასაფლავებულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში), ქართვ. მათემატიკოსი, მეტალურგი, ტერმინოლოგი, გამომგონებელი, ტანმოვარჯიშე და მთასვლელი. (ქართვ. საზოგადო მოღვაწის, ნ. ნიკოლაძის შვილი) თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინ-ტი (1913). დისერტაცია დაიცვა სორბონაში (1928). მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში ტულაში, დონეცკსა და ენაკიევოში (1913-1918), მონაწილეობდა დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში. საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის შექმნის შემდეგ იგი მიიწვიეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად (1918-დან). იყო საქართვ. მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე, 1918-1921). თბილ. (დიდუბეში) მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი (1929–1930), რომელზედაც ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას; მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მათემატიკაში; ნ.გ.–მ შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ (1927). ეს თეორია შემდგომ საფუძვლად დაედო მის დისერტაციას, რ-იც მან დაიცვა სორბონაში (1928) და მიიღო პროფესორის წოდება, ხოლო პარიზში ცალკე წიგნად გამოვიდა. კითხულობდა ლექციებს თსუ–ში (1928-დან): სავალდებულო კურსს „ანალიზურ გეომეტრიასა“ და „დიფერენციალურ გეომეტრიაში“. ამ დარგში შექმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები. პარიზში მოღვაწეობისას გამოიგონა ელექტრონული არითმომეტრი, რ–იც არსებითად განსხვავდებოდა არსებული არითმომეტრებისაგან. ნ.გ.–მ სამშობლოში დაბრუნებულმა ააგო მისი გამომთვლელი მანქანის მოდელი, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში; იგი იყო დამფუძნებელი სატანვარჯიშო საზოგადოებისა თბილისში (1918) და ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართვ. გეოგრაფიული საზოგადოებისა(1924). წარმატებულად მონაწილეობდა ტანმოვარჯიშეთა საერთაშ. შეხვედრებზე. მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე (1923), რამაც დასაბამი მისცა ალპინიზმს ყოფილ სსრკ–ში; მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართ. სახელმძღვანელო ტანვარჯიშში. ტექნიკის დარგში საუკეთესო მეცნ. ნაშრომისათვის საქართვ. მეცნ. აკადემიამ დააარსა გ. ნიკოლაძის სახელობის პრემია (1973);
თხზ.:ნიკოლაძე , გ. (1934). დიფერენციალური გეომეტრიის ელემენტები. ტფ., სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორი; ნიკოლაძე , გ. (1957). მხაზველობითი გეომეტრიის კურსი, თბილისი, ტექნიკა და შრომა; ნიკოლაძე , გ. (1983). პირველი ქართული ასვლა მყინვარწვერზე. თბ., საბჭ. საქართველო.