ნიბლაძე ვაჟა ილიას ძე
ნიბლაძე ვაჟა ილიას ძე

ნიბლაძე ვაჟა ილიას ძე (12.II.1936, თბილისი - 31.VIII.1990), ფილოსოფოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1959) და  ასპირანტურა (1962). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,შემეცნების სუბიექტის აქტივობის პრობლემა ი. კანტის ფილოსოფიაში“ (1963) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,სოციალური პრაქტიკისა და ისტორიული პროცესის დიალექტიკა გერმანულ კლასიკურ იდეალიზმში“ (1983). იყო თსუ-ის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი (1962-1984). ხელმძღვანელობდა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრას (1984-1990). იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. მრავალი მონოგრაფიისა და სამეცნ. ნაშრომის ავტორი გერმან. კლასიკური იდეალიზმის საკითხებზე. ნ. ვ.-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო გერმან. კლასიკური ფილოსოფია, კერძოდ, ი. კანტისა და გ. ჰეგელის სისტემები. მის ნაშრომებში ფუნდამენტურადაა შესწავლილი შემეცნების სუბიექტის აქტივობისა და პრაქტ. გონების პრობლემები, ფილოს. აზრის განვითარების ლოგიკა და ისტ. პროცესის დიალექტიკა.

თხზ.: ნიბლაძე, ვ. (1974). შემეცნების სუბიექტის აქტივობის პრობლემა ი. კანტის ფილოსოფიაში. თბ., მეცნიერება; ნიბლაძე, ვ. (1980). ფილოსოფია და პრაქტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნიბლაძე, ვ. (1983). ისტორიული პროცესის ფილოსოფიური ანალიზი. თბ., განათლება; ნიბლაძე, ვ. (1988). გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ისტორია (ლექციების კურსი). თბ., უნ-ტის გამ-ბა.