-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი
ნერგაძე სოლომონ (31.I.1960, ბაღდათი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ბიოლ. ფიზიკის სპეციალობით (1982); შემდეგ ასპირანტურა – სსრკ მეცნ. აკადემიის ლენინგრადის ციტოლოგიის ინ-ტში პროფესორ მიხელსონის ხელმძღვანელობით. დაიცვა დისერტაცია უჯრედის ბიოლოგიის მეცნ. დარგში – „დნმ სინთეზი ქრომოსომთა არასტაბილურობის სინდრომით დაავადებულთა დასხივებულ უჯრედებში“ (1991). იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმატიკისა და ჯანდაცვის კომპლ. ავტომატიზაციის ინ-ტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორ. მეცნიერ–თანამშრომელი, გენეტ. ეკოლოგიის ცენტრის გამოყენებითი მოლეკულური ბიოლოგიის განყ-ბის ხელმძღვ. იტალიაში პირველად საქართველოსთვის მძიმე, 90–იან წლებში მოხვდა. მიმოწერა ჰქონდა რამდენიმე უცხოელ პროფესორთან და მათი რჩევით მონაწილეობა მიიღო გენური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის საერთაშ. ცენტრის კონკურსში (1995). ეს ცენტრი მთელი ევროპის მასშტაბით ფუნქციონირებს. პირველად ორწლიანი სტიპენდია მიანიჭეს, ორი წლის შემდეგ, მორიგ კონკურსში გაიმარჯვა და კიდევ ერთი, ოთხთვიანი სტიპენდია დაიმსახურა. პავიას გენეტიკისა და მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში გადიოდა პოსტსადოქტორო ტრენინგებს (1996-1999). მუშაობდა კანადაში, ჰამილტონის უნ–ტში (2002-მდე). შემდეგ ისევ იტალიაში მიიწვიეს. დღემდე სოლომონ ნერგაძე ქალაქ პავიის უნ-ტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტ. აგრძელებს კვლევით საქმიანობას (2002-დან). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ძუძუმწოვართა გენომის პლასტიკურობა: ტელომერების ტრანსკრიპცია, ინტერსტიციალური ტელომერული სექვენსების წარმომავლობა და ცენტრომერების მოძრაობა“ (2009). იგი პავიას უნ–ტში კითხულობს ლექციებს მოლეკულურ ბიოლოგიაში და სამეცნ. მიმართულებით მუშაობს თავის ლაბორატორიაში. იგი იტალიაში არსებული ქართ. საზ–ების: "სამშობლო გულით სატარებელის" ერთ–ერთი დამფუძნებელი და ვიცე–პრეზიდენტია. ნ.ს. პროფესორ ნ. კოტრიკაძის მოწვევით იმყოფებოდა თბილისში და ლექცია–სემინარები ჩაატარა მშობლიურ თსუ-ში (2017).