-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ნეიძე ვაჟა ევგენის ძე (08.III.1937, თბილისი - 10.II.2020), გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, საზ. გეოგრაფიის განყ-ის გამგე. დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი ეკონ. გეოგრაფიის სპეციალობით (1960). ამავე წელს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში. მუშაობა დაიწყო როგორც უფრ. ლაბორანტმა (1960-63), შემდეგ როგორც უმცროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა (1963-1974), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელმა (1974-1989), მოსახლეობის გეოგრაფიის ლაბორ. ხელმძღვ. (1989-1991). ხელმძღვანელობდა ეკონ., სოც. და პოლიტ. გეოგრაფიის განყ-ბას (1991-დან), ხოლო სიცოცხლის ბოლომდე იგივე განყ-ბის საზ. გეოგრაფიის განყ-ის სახელწოდებით (2006-დან). იგი იყო ასევე გეოგრაფიის ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „საქართველოს ახალი სამრეწველო ქალაქების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები“ (1970). შეთავსებით მუშაობდა თსუ-ში გეოგრაფიის ფაკ-ის სოციალურ-ეკონ. და პოლიტ. გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის და საერთაშ. ბიზნესის ფაკ-ზე, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის კათედრაზე (2002-2006) პროფესორად (0,5 შტ.). იგი კითხულობდა ლექციების კურსს: საზ. გეოგრაფიის სპეციალობის შესავალი, ეკონ. გეოგრაფიის კვლევის მეთოდები, გეოგრაფიის მეცნიერების ისტორია, მოსახლეობის და ქალაქების გეოგრაფია, ტურიზმცოდნეობა, ტურიზმის გეოგრაფია, მხარეთმცოდნეობა და ექსკურსიათმცოდნეობა (სამაგისტრო კურსი), ზოგადი სოცი. გეოგრაფია. ნ. ვ.-ს ეკუთვნის 200-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 23 კოლექტიური მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო, განკუთვნილი როგორც სკოლის მოსწავლეთათვის, ისე სტუდენტებისთვის. მისი სამეცნ. ინტერესის საგანი იყო საქართვ. საქალაქო და სასოფლო განსახლებები, პირველმა დაამუშავა ახალი ქალაქების და სოფლების აღმოცენების სტრუქტურულ-ფუნქციური ანალიზი, სწავლობდა აგრეთვე პოლიტიკურ გეოგრაფიას (ადმინ.-ტერიტ. მოწყობას, სამხედრო კონფლიქტებს) და ტურიზმის გეოგრაფიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა ახალ გეოგრაფიულ დისციპლინას - სპორტის გეოგრაფია. უნდა აღინიშნოს მისი კარტოგრაფიული ნამუშევრები, განსაკუთრებით მისი მონაწილეობით შედგა ოცამდე რუკა საქართვ. ეროვნ. ატლასი (2012) და იმავე ატლასის განახლებულ, ინგლისურენოვან გერმ. გამოცემაში (2018), სადაც პირველად გამოქვეყნდა მის მიერ შედგარი სპორტის გეოგრ. რუკა. აქტიურად მონაწილეობდა ინ-ტის ყოველწლიურ სამეცნ.-საველე ექსპედიციებში. ნ. ვ. იყო ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი, საქართვ. გეოგრ. საზ-ების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი სამეცნ. საბჭოს წევრი სიცოცხლია ბოლომდე (1998-დან), გეოგრ. ობიექტების სახელდების კომისის წევრი. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. საპარლამენტო კომიტეტის (დარგ. ეკონ., გარემოს დაცვის და ბუნ. რესურსების) სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს და საქართვ. ჟურნ. კავშირის წევრი. საქართვ. ეროვნ. ატლასის სარედაქციო კოლეგიის წევრი (2012) და საქართვ. ინგლისურენოვანი ეროვნ. ატლასის ერთ-ერთი რედაქტორი (2018), კოლექტიური მონოგრაფია „საქართველოს ფიზ. გეოგრაფია“ (ინგ. ენაზე) ერთ-ერთი რედაქტორი. აქტიურად თანამშრომლობდა ქართ. ენციკლოპედიის რედაქციასთან, რ-ის დაკვეთის შეადგინა მრავალი სტატია. ნ. ვ. მონაწილეობდა საგრანტო პროექტებში, კითხულობდა მოხსენებებს საერთაშ. და ადგილ. კონფ-ბზე. ორჯერ იყო დაჯილდ. ვახუშტი ბაგრატიონის სახ. პრემიით (1993, 2023). ნ. ვ. იყო საერთაშ. ოსტატი და საერთაშ. არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში, მრავალი აღიარებული ეტიუდის ავტორი, „ფიდეს ალბომის“ მსაჯი და ამავე გამოცემის ეტიუდების განყ-ბის დირექტორი (1980-2006). იგი საჭადრაკო კომპოზიციების მრავალ საერთაშ. ასპარეზობებს მსაჯობდა.
თხზ: ნეიძე, ვ. (თანაავტორი). (1989). თბილისი, ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა. თბ.; ნეიძე, ვ. (თანაავტორი). (2003). საქართველოს გეოგრაფია: ნაწ. 2: სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია. თბ.; ვ. ნეიძე. (2008). თბილისის ტრანსფორმაციის გეოგრაფიული ინტერპრეტაცია. გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომათა კრებული (ახალი სერია), #2 ნეიძე ვ. (თანაავტორი). (2012). საქართველოს ეროვნული ატლასი. თბ.; ნეიძე, ვ. (თანაავტორი). (2013). საქართველოს გეოგრაფია. თბ.; Neidze, V. (თანაავტორი). (2018). National Atlas of Georgia, Franz Steiner Verlag, Stuttgart; Neidze, V. (თანაავტორი). (2022). The Phisical Geography of Georgia, Springer.