ნათაძე გრიგოლ იასონის ძე
ნათაძე გრიგოლ იასონის ძე

ნათაძე გრიგოლ იასონის ძე (16.I.1890, კასპი – 24.V.1951, თბილისი), ისტორიკოსი, პოლიტ. მოღვაწე, თსუ-ის პროფესორი (1926). დაამთავრა თბილ. მეორე სათავადაზნაურო გიმნაზია (1892). სწავლა გააგრძელა კიევის უნ-ტში ისტო­რია-ფილოლოგიის განხრით. ვიწრო სპეციალობად აირჩია დასავლეთ ევროპის ის­ტორია, მაგრამ კიევის უნ-ტის დასრულება ვერ მოახერხა, რადგან პოლი­ტ. ცხოვრების ორომტრიალში ჩაება. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. თავისუფალ მსმენელად სწავლობდა ჟენევის უნ-ტში (1902-1903). ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის ისტორიულ-ფილოლ. ფაკ-ტი, სადაც დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე: „საგლეხო მიწისმფლობე­ლობა საფრანგეთში 1789 წლის რევოლუციის წინ“ (1907). იმავე წლიდან მუშაობდა პედაგოგად თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზიაში. როგორც „პოლიტიკურად არასაიმედოს“ აუკრძალეს მასწავლებლობის საშუალება თბილისში, საიდანაც ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში გადავიდა. პარალელურად კითხულობდა ლექციებს „სახალხო უნივერსიტეტში“. აირჩიეს საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრად (1917). ხელი მოაწერა საქართვ. დამოუკიდებლობის აქტს (1918). იყო საქართვ. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთ. კომიტეტის წე­ვ­რი (1918-დან). მუშაობდა განათლების სამინისტ­როს უმაღლეს და საშ. სასწავლებელთა მთავარ გამგედ. აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად საქართვ. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით (1919). იყო პრეზიდიუმის წევრი, სარედაქციო კომისიის მდივანი, განათლების, სამანდატო, სარედაქციო და საფინანსო კომისიების წევრი. ივ. ჯავახიშვილმა მიიწვია თსუ-ში, სადაც ასწავლიდა შუა ს-ებისა და ახალ ისტორიას (1919-დან).  იყო ფართო დიაპაზონის ისტორიკოსი. შეისწავლიდა ძველ, შუა ს-ებისა და ახალ ისტორიას. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „უძველესი საბერძნეთის მდგომარეობა, როგორც კილონის აჯანყების საფუძველი“ (1924). ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების ისტორიის კათედრას. ალ. ნამორაძესთან ერთად გვევლინება ქართ. მედიევისტიკის მესაძირკ­ვ­ლედ.

თხზ.: ნათაძე, გრ. (1919). ინგლისის მოკლე ისტორია. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების გამოც.; ნათაძე, გრ. (1931). საზოგადოებათმცოდნეობის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის საკითხები. ნაკვ. 1.. თბ., გამომც. პედ. ინ-ტი; ნათაძე, გრ. (1933). დასავლეთ ევროპის ფეოდალიზმის ისტორია:სახელმძღვანელო უმაღლეს სასწავლებლებისათვის. თბ., სახელგამი; ნათაძე, გრ. (1933). კაპიტალიზმის ისტორია : თემა 2. საფრანგეთის დიდი რევოლუცია.