-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი პუბლიცისტი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ნანეიშვილი-ფაღავა ალექსანდრა (შურა) ალექსანდრეს ასული(25.XII.1879, ქუთაისი-1946, საფრანგეთი, ლევილის სასაფლაო), პედაგოგი, ფილოლოგიის დოქტორი, თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918). მოღვაწეობდა ,,ა. ნა-ლი”, ,,ქართველი ქალის” ფსევდონიმით. მან ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთ. წმ. ნინოს სასწ. (1897); უმაღლ. პედ. განათლება უცხოეთში, კერძოდ, შვეიცარიაში მიიღო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა პედაგოგად. იყო ქუთ. პირველი გიმნაზიის დირექტორი. ქართ. ჟურნ.-გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი საინფორმაციო ხასიათის წერილები: „ფოსტის მარკები: (მისი გამოგონება და სხვადასხვა სახე)“ (ჯეჯილი, 1900, N3); „წერილი ჟენევიდან: (ქალთა განათლების შესახებ)“ (კვალი, 1901, N50); „წერილი ჟენევიდან: (პოლონელ მოსწავლე ახალგაზრდობის მდგომარეობა გერმანიაში. სიონიზმი)“ (კვალი, 1902, N6); „მუსიკალური კონკურსი“ (კვალი, 1902, N35) და სხვ. მისი მეუღლე იყო იურისტი გიორგი (იური) ფაღავა (1878-1950), რ-ც იურიდ. ფაკ-ტი გერმანიაში ჰქონდა დამთავრებული. მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ მაშინდელი თბილ. ინტელექტუალები, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი და სხვები. ამ გარემოცვამ, ბუნებრივია ზეგავლენა მოახდინა მათ ქალიშვილ ვერაზე, რ-იც მოგვიანებით ცნობილი მხატვარი დადგა. გ. ფაღავა დიპლ. სამსახურით იმყოფებოდა ირანში (1920-1921). თბილ. დაბრუნებულს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სამკურნალოდ გაემგზავრნენ გერმანიაში (1922). საქართვ. გასაბჭოებიდან გამომდინარე ოჯახი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდნენ (1923). ნ. ა., იური ფაღავა, ასევე მხატვრები-ვერა ფაღავა და მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ემიგრანტი მხატვარი ვანო ენუქიძე (1907-1979), ლევილის ქართვ. სასაფლაოზე განისვენებენ.
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი: უახ. ისტ. ცენტრ. არქივი: ფ. 471, 1ნ.1, საქმე 16, ფურც. 5; ხუციშვილი, ს. (1961). ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი: წ. 1. თბ.,. გვ.135.