-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი პროფესორი
ნამორაძე ალექსანდრე ზაქარიას ძე (18.VIII.1890, თიანეთი – 11.VIII.1958, თბილისი), ისტორიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1939), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). დაამთავრა თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1910). ჩაირიცხა კიევის უნ-ტის ისტორიის ფაკ-ტზე, სადაც დასავლეთ ევროპის ახ. ისტორიით დაინტერესდა. სამეცნ. ხელმძღვანელის, პროფ. პ. არდაშევის მხარდაჭერით, იგი მივლინებით გაიგზავნა საფრანგეთში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის მეცნიერულ არჩევანზე, შემოქმედებაზე (1912). დაინტერესდა ძვ. რეჟიმის ისტორიით. I მსოფლიო ომმა და 1917 წლის რევოლუციებმა მისი გეგმები შეცვალა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაამთავრა თსუ, სადაც მუშაობა დაიწყო მსოფლიო ისტორიის კათედრაზე (1924). იგი სათავეში ჩაუდგა ახ. ისტორიის კათედრას, რ-საც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა (1934-დან). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ადმინისტრაციული მეურვეობა და მუნიციპალური მმართველობა საფრანგეთში XVII-XVIII საუკუნეებში. ეპოქის ადმინისტრაციული კორესპონდენციების და საკანონმდებლო აქტების მიხედვით“ (1938). წარმატებით იკვლევდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების შუა ს-ებისა და ახ. ისტორიის საკითხებს. დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით (1953).
თხზ.: ნამორაძე, ალ. (1935). ადმინისტრატიული მეურვეობა და მუნიციპალური მმართველობა საფრანგეთში: XVII-XVIII ს. ეპოქის ადმინისტრატიული კორესპონდენციისა და საკანონმდებლო აქტების მიხედვით. გამოც. ქ. უნ-ტის სტუდენტთა კავშირის გამგეობისა; ნამორაძე, ალ. (1933). დასავლეთ ევროპის ისტორია. განაკვ. 1, ფეოდალური ქალაქის გენეზისი და მისი სოციალ-ეკონომიური და პოლიტიკური განვითარება. სსსრ. დაუსწრ. პედ. ინ-ტი; ნამორაძე, ალ. (1956). შარლ-ლუი მონტესკიო (მისი ცხოვრება და მოღვაწეობა) : თბილისში წაკითხული საჯარო ლექციის სტენოგრამა. სტალინის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა; ნამორაძე, ალ. (1961). კოლუმბი და ამერიკის აღმოჩენა. თბილ. უნ-ტის გამ-ბა.