ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის კათედრა
ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის კათედრა

ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის კათედრა (1950-1978). მისი სულისჩამდგმელი, დაარსების ორგანიზატორი და პირველი გამგე  იყო საქ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1967) ვ. ჭელიძე.  იგი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მათ. და საქართვ. მათ. აზროვნების ახალი სტილისა და იდეოლოგიის, კერძოდ, სიმრავლურ-თეორ. ფაქიზი მიდგომებისა და მძლავრი ტექნიკის გამოყენების ინიციატორი. მან ამ კათედრაზე  ჩამოაყალიბა დიდი სამეცნ. სკოლა. ცნობილია ე. წ.  „ლუზინის  ხე“, რომლის ერთ-ერთ შტოს წარმოადგენდა ვ. ჭელიძის სკოლა. ის 80-ზე მეტი ფუნდამენტური სამეცნ. შრომის ავტორია. მისი სამეცნ. ხელმძღვანელობით დაცულია  36 საკანდიდატო დისერტაცია, მათგან  10 - სადოქტორო დისერტაცია. აღსანიშნავია ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის კათედრის დამსახურება მათემატიკოსთა კადრების აღზრდის საქმეში. ვ. ჭელიძის კალამს ეკუთვნის ქართულ ენაზე შექმნილი მრავალი სახელმძღვ. და ნათარგმნი მათ. ლიტერატურა (ე. გურსა - მათემატიკური ანალიზი, ტ. 1;  შაპირო - უმაღლესი მათემატიკა; გიუნტერი და კუზმინი - უმაღლესი მათემატიკის ამოცანათა კრებული). მისი მონოგრაფია (ა.  ჯვარშეიშვილის თანაავტორობით) „Теория интеграла Данжуа и некоторые ее приложения“ (თსუ, 1978) ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოვიდა კანადასა და სინგაპურში.  საგანგებოდ აღსანიშნავია ვ. ჭელიძის სახელმძღვანელო „ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია“ (გამომცემლობა „ცოდნა“, 1964). ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ ენაზე დაწერილ მათ. თხზულებათა შორის. კათედრაზე ჩამოყალიბებული სამეცნიერო სკოლის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია საქ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1993) ლევან ჟიჟიაშვილი. ვ. ჭელიძის გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა ამ კათედრის გამგე (1978-2005) და სათავეში ჩაუდგა კათედრაზე არსებბულ სამეცნ. სემინარს. ლ. ჟიჟიაშვილი მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი იყო. მას ჰქონდა მათ. ენციკლოპედიური ცოდნა და ღრმა ინტუიცია. ის ავტორია 100-ზე მეტი ფუნდამენტური სამეცნ. ნაშრომისა და მისი მონოგრაფიები ტრიგონომეტრიულ და ორთოგონალურ მწკრივთა თეორიაში სამაგიდო წიგნებად იქცა ჰარმონიული ანალიზის სპეციალისტებისთვის. მის მიერ გადაჭრილი იქნა მრავალი რთული პრობლემა, რომელთაც საერთაშ. აღიარება ჰპოვეს. ლევან ჟიჟიაშვილის შრომათა შორის გამოირჩევა მისი კაპიტალური მონოგრაფია „Некоторые вопросы теории тригонометрических рядов Фурье и их сопряженных“ (თსუ, 1993), რ-იც გამოიცა ინგლისურ ენაზე მსოფლიოში ავტორიტეტული გამომცემლობის (Kluwer Acad. Publ.) მიერ (1996). ლევან ჟიჟიაშვილის ღვაწლს დიდად აფასებდნენ ცნობილი მეცნიერები: ა. ნ. კოლმოგოროვი, ე. სტეინი, ე. ჰიუიტი და სხვანი. მის აღზრდილთა შორის არის 13 მეცნ. დოქტორი და 30 მეცნ. კანდიდატი. ვ. ჭელიძის გარდაცვალების შემდეგ ლ. ჟიჟიაშვილის ხელმძღვანელობით კათედრაზე მოქმედმა სემინარმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება, გამდიდრდა მრავალი ახალი თემატიკით. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ლ. ჟიჟიაშვილის მოწაფეები, საქართველოსა და უცხოეთის მრავალი ცნობილი მეცნიერი. ამ სემინარში მუდმივმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა მრავალი მათემატიკოსის მათ. კულტურის ამაღლებასა და მათი მეცნიერად ჩამოყალიბებაში.   თსუ-ის გამომცემლობამ გამოსცა კათედრის სამეცნ. სემინარის შრომათა კრებ. („Некоторые вопросы теории Функций) პირველი ტომი (1979). მას მოჰყვა ამ სამეცნ. სემინარის კიდევ ორი ტომი. პირველ ტომს და ამ ტომის ავტორებს (თ. ახობაძე, მ. ლეკიშვილი, ლ. ფანჯიკიძეს და გ. ტყებუჩავა) მიენიჭათ საქართვ. კომკავშირის პრემია მეცნ. და ტექნ. დარგში. კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მათემატიკოსები:  ვ. კოკილაშვილი, ა. ჯვარშეიშვილი, ს. თოფურია, ზ. ჭანტურია, გ.ტყებუჩავა, უ. გოგინავა, ლ. გოგოლაძე, თ. ახობაძე, ო. ძაგნიძე, მ. ლეკიშვილი, რ. გეწაძე, გ. ონიანი, თ. კოპალიანი და სხვები. ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის კათედრაზე სხვდასხვა დროს დამუშავებული იქნა უმნიშვნელოვანესი მათ. პრობლემები. ქვემოთ აღნიშნულია ზოგიერთი მათგანი: დამუშავდა დანჟუას ინტეგრალისა და მისი ფურიეს მწკრივების შეჯამებადობის საკითხები, ჯერად მწკრივთა თეორიაში შესწავლილ იქნა ზოგადი მეტრული პრობლემები, გადაწყვეტილ იქნა:  ა) მრავალი ცვლადის ფუნქციებისათვის ზიგმუნდისა და ულიანოვის პრობლემა შეუღლებული ფუნქციებისა და ჰილბერტის გარდაქმნების თითქმის ყველგან არსებობის შესახებ; ბ) მენშოვის ამოცანა ჯერადი შეუღლებული მწკრივების ჩეზაროსა და აბელ-პუასონის საშუალოების ზომით კრებადობის შესახებ, შესწავლილ იქნა კლასიკური და ზოგადი ორთოგონალური მწკრივების კრებადობისა და განშლადობის საკითხები, განვითარებულ იქნა განზოგადებული ვარიაციის ცნება. შესწავლილ იქნა  მათი გამოყენება ფურიეს მწკრივების კრებადობისა და სხვადასხვა ვარიაციულ კლასებს შორის ურთიერთკავშირების კვლევაში. გამოკვლეულ იქნა უსასრულიგანზომილებიანი ფურიეს ტრიგონომეტრიული მწკრივების შეჯამებადობის ზოგიერთი საკითხი.