ნადარეიშვილი მაია მალხაზის ას
ნადარეიშვილი მაია მალხაზის ას

ნადარეიშვილი მაია მალხაზის ას (24.IX.1976, თბილ.), საერთაშ. ჟურნალისტი, მედიათეორეტიკოსი, პოლიტ. კომუნიკაციის ექსპერტი, კრიმინოლოგი, ლინგვისტი. ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (საერთაშ. ჟურნალისტიკის დოქტორი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი სპეციალობით „საერთაშორისო ჟურნალისტი“ (1997), თსუ-ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი სპეციალობით „სამართალმცოდნე“ (2001), თსუ-ის ასპირანტურა (2001). სტუდენტობისას იყო თსუ-ის სამეცნ. საბჭოს სტიპენდიატი სამეცნ. კონფერენციებში აქტიური და ნაყოფიერი მონაწილეობისა და მედიალოგიაში სოლიდური კვლევების განხორციელებისათვის (1996-1997). ნ.მ.-ს სადიპლომო ნაშრომი „ფიესტა ანუ საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული პრესის სარკეში“ თსუ-ის სახელმწ. საგამოცდო კომისიის რეკომენდაციით წიგნად გამოსცა უნ-ტის გამ-ბამ (1997). ნ.მ.-ს ეს მონოგრაფია დამხმარე სახელმძღვანელოდ დაინერგა ჯერ თსუ-ის საერთაშ. ურთიერთობების, შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკ-ტის სხვადასხვა სასწ. კურსზე. ჯერ კიდევ ასპირანტი კითხულობდა არაერთ თეორიულ კურსს თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის ოთხივე კათედრაზე (1998-2001), ხელმძღვანელობდა საკურსო, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს, რედაქტორობდა თსუ-ის სტუდენტურ გაზეთს „ახალგაზრდა ჟურნალისტი“. მოგვიანებით, ლექტორის რანგში, ხელმძღვანელობდა გაზეთ „დილის გაზეთის“ სპეციალურ თემატურ ჩანართებს მისი ინიციატივით, თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე შემოტანილი და თბილ. არაერთ უმაღლეს სასწავლებელში დამკვიდრებული ახალი საგნის — მედია და პოლიტიკოსთა იმიჯი — ფარგლებში. წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „პუბლიცისტური ტექსტის კომპოზიცია ამერიკული პრესის მიხედვით (სათაური, ლიდი, დაბოლოება)“ საერთაშ. ჟურნალისტიკის მიმართულებით (2002). მან ნაშრომში ასევე გაანალიზა ბრიტანული, იტალ., რუს. და ქართ. ნიმუშები და პარალელები გაავლო ამერიკულთან. ნ.მ.-მ ჩამოაყალიბა პუბლიც. სათაურის, ქვესათაურისა და ლიდის სახეთა სქემები მის მიერ შესწავლილი ვარიანტების (8 ათასი ერთეული) სისტემ. ანალიზის საფუძველზე და მსოფლიო მედიალოგიაში მანამდე არსებული ხარვეზები შეავსო ხუთი ქვეყნის პრესის პრაქტ. მასალის შესწავლის შედეგად. ეწევა როგორც პედაგოგიურ, ისე აქტიურ სამეცნ. საქმიანობას. მუშაობდა თსუ-ის პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის უფროს მასწავლებლად (2002-2003), თსუ-ის მედიალოგიის, კომუნიკატივისტიკისა და საერთაშ. ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (2003-2005). იყო საქართვ. დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2002-2004), კავკასიის საერთაშ. უნ-ტის სრული პროფესორი (2010-2012), გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2018-2025). მონაწილეობდა თსუ-ის სამეცნ. კონფერენციებში (1994-2002) ქართულ, იტალიურ, ინგლისურ ენებზე წარმოდგენილი მოხსენებებით. მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშ. კონფერენციაში, მათ შორის, თსუ-ის ამერიკის შესწავლის საქართვ. ასოციაციის ყოველწლიურ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციასა (2003-დან) და საქართვ. კრიმინოლოგიის მეცნ. აკადემიის საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში (2019-დან). მონაწილეობდა თსუ-ის ფილოსოფიის ინ-ტის მიერ ორგანიზებულ სამეცნ. კონფერენციაში „ფილოსოფია დღეს“ (2018). იყო სამი ადგილობრივი სამეცნ.-კვლევითი საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და ერთი საგრანტო პროექტის მონაწილე (2022-2024). მუშაობას აგრძელებს სულხან-საბა ორბელიანის უნ-ტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე პოლიტიკის მეცნ. და საერთაშ. ურთიერთობების მიმართულებით (2023-დან). ხელმძღვანელობს ბრამსის სამეცნ.-კვლევით ინ-ტს, რ-იც მან დააარსა თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინ-ტის დამფუძნებლისა და დირექტორის, საქართვ. ამერიკის შესწავლის ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ ვ. კაჭარავას ინიციატივით (2018-დან). იყო თსუ-ის ქალთა საკრებულოს წევრი (1998-2005). არის საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1996-დან), საქართვ. კრიმინოლოგიის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (2018-დან). არის საერთაშ. აკადემიური ჟურნ. „ბრამსის“ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი (2020-დან), სამეცნ.-პრაქტიკული ჟურნ. „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი კვლევითი ინტერესები უკავშირდება ისეთ სამეცნ. სფეროებს, როგორიცაა: საერთაშ. ჟურნალისტიკა; პოლიტ. კომუნიკაცია; კრიმინოლოგია; ამერიკისმცოდნეობა; სამართალმცოდნეობა; ლინგვისტიკა; ანგლისტიკა; ქართველოლოგია; პუბლიცისტიკა და სხვ. არის სამოცზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი (მათ შორის, რვა მონოგრაფია და ორი ლექსიკონი). ნ.მ.-ს ORCID 0000-0002-3270-0728. ქართ. და უცხ. მედიაპრაქტიკის აქტიური მეცნ.-კვლევითი საქმიანობისთვის, დაჯილდოებულია საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის პრემიითა (1997) და საერთაშ. ჟურნალისტური პრემიით „ოქროს ფრთა“ (2005).

თხზ.: ნადარეიშვილი, მ. (1999). სათაურის მრავალსახეობა ამერიკულ პრესაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნადარეიშვილი, მ. (2002). პუბლიცისტური ტექსტის ალფა და ომეგა: ლიდი და დაბოლოება. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნადარეიშვილი, მ. (2005). ვოკალიზები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნადარეიშვილი, მ. (2008). მეოთხე კედლის ნგრევა. გამომც. უნივერსალი; ნადარეიშვილი, მ. (2011). მედია და პოლიტიკური იმიჯი. კსუ-ის გამ-ბა; ნადარეიშვილი, მ. (2020). მედიაწისქვილი: პოლიტიკური კომუნიკაცია. ბრამსის ინ-ტის გამ-ბა; ნადარეიშვილი, მ. (2021). დეონტოლოგია საერთაშორისო მედიასამართლის ჭრილში. ბრამსის ინ-ტის გამ-ბა.