-
ავტორი
- კატეგორიები: აკადემიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მათემატიკოსი
მუსხელიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) ივანეს ძე (16. II. [ძვ. სტ. 4 თებერვალი], 1891, თბილისი- 15. VII, 1976, თბილისი, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში), მათემატიკოსი და მექანიკოსი; საზოგადო და სახელმწ. მოღვაწე. სსრკ მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1939) და პრეზიდიუმის წევრი (1942–1953; 1957–1972). საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართვ. მეცნ. აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1941–1972). საპატიო პრეზიდენტი (1972). მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნ. სკოლის ფუძემდებელი; სოციალ. შრომის გმირი (1945). თსუ-ის პროფესორი (1922-დან). საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტის დირექტორი (1933–1935, 1941-1976). იყო გამოყენებითი მექანიკის კონგრესთა საერთაშ. კომიტეტის წევრი (1956), თეორ. და გამოყენებითი მექანიკის საერთაშ. კავშირის ბიუროს წევრი (1960). საშ. განათლება მიიღო თბილ. მეორე გიმნაზიაში (1901-1909); შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტზე (1909-1914) და დატოვებულ იქნა თეორ.ი მექანიკის კათედრაზე. მ. ნ. პეტროგრადის უნ-ტსა და სხვა უმაღლ. სასწავლებელში ასწავლიდა უმაღლ. მათემატიკასა და მექანიკას (1915-1920). იგი დაბრუნდა თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობა დაიწყო თბილ. უნ-ტში ჯერ დოცენტის (1921), შემდეგ კი პროფესორის თანამდებობაზე (1922). ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში. მ. ნ.-ს ფუძემდებლური გამოკვლევები აქვს დრეკადობის თეორიასა და ინტეგრალურ განტოლებებში, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში და სხვა. მ.-მა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენება დრეკადობის თეორიის ამოცანებისათვის, შემოიღო მრავალი მეთოდი, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მათემატიკის სხვა დარგებშიც, თეორიულ ფიზიკასა და მექანიკაში. მის შრომებში ამოხსნილია ბრტყელი დრეკადობის თეორიის ყველა ძირითადი ამოცანა სტატიკური შემთხვევისათვის. მან აღმოაჩინა არეთა ფართო კლასი, რ-აც ბრტყელი ამოცანა რედუცირდება ალგებრულ განტოლებათა სასრულ წრფივ სისტემაზე. მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანალიზური ფუნქციების წრფივი სასაზღვრო ამოცანებისა და ერთგანზომილებიანი განსაკუთრებული ბირთვების მქონე ინტეგრალურ განტოლებების თეორიაში. მას ეკუთვნის ინდექსის მნიშვნელოვანი ფორმულა სინგურალურ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემისათვის. მ. ნ. ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა ანალიზურ გეომეტრიასა და თეორიულ მექანიკაში, მისი მონოგრაფია „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა“ მეცნიერთა სამაგიდო წიგნად იქცა. იგი რამდენიმეჯერ იქნა გამოცემული და თარგმნილი მრავალ უცხო ენაზე. მას თავის დროზე მაღალი შეფასება მისცა გამოჩენილმა მათემატიკოსმა ა. კრილოვმა, ხოლო პირველი ხარისხის სახელმწ. პრემია მიენიჭა (1941). მ. ნ.-ის ამ შრომამ, რ-იც მისი სამეცნ. მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს, უდიდესი გავლენა მოახდინა დრეკადობის თეორიის შემდგომ განვითარებაზე. ბატონმა მ. ნ.-მ შექმნა წიგნი “ანალიზური გეომეტრიის კურსი” (1962, გამოც. მე-4), რ-იც ამ დარგში მრავალი ქვენის უნ-ტის სასწავლო კურსის საფუძველს წარმოადენს. იგი იყო სსრკ I-IX მოწვევის უმაღლ. საბჭოს დეპუტატი, სსრკ თეორ. და გამოყენებითი მექანიკის ნაციონალური კომიტეტის თავ-რე (1957-1976). თეორ. და გამოყენებითი მექანიკის საერთაშ. კავშირის ბიუროს წევრი (1960). სომხეთისა (1961) და აზერბაიჯანის მეცნ. აკადემიის საპატიო წევრი (1972). ბულგარეთის (1952), პოლონეთის (1960), ბერლინის მეცნ. აკადემიების წევრი (1967). მას მიღებული აქვს სსრკ სახელმწ. პრემია (1941, 1947). ლომონოსოვის სახ. ოქროს მედალი (1972), ტურინის მეცნ. აკადემიის საერთაშ. პრემია და ოქროს მედალი „მოდესტო პანეტი“ (1969), სლოვაკეთის მეცნ. აკადემიის იან იესენიუსის სახ. ოქროს მედალი (1970). ის დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევ. და შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით, აგრეთვე 2 უცხოური ორდენით. საქართვ. მეცნ. აკადემიამ დააწესა მ. ნ.-ს სახ. პრემია მათემატიკის, მექან. და ფიზიკის დარგში (1977). მ. ნ.-ს სახელი მიენიჭა საქართვ. მეცნ. აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინს-ტს (1977-დან), თბილ. 55-ე საშ. სკოლას. თბილისში არის მისი სახ. ქუჩა.
თხზ.: მუსხელიშვილი, ნ. 1932-1933). თეორიული მექანიკის კურსი, გამოც. მე-2, ნაწ. 1-2, ტფ.; Мусхелишвили, Н. (1966). Некоторые основные задачи математической теории упругости, 5 изд., М.; Мусхелишвили, Н. (1967). Сингулярные интегральные уравнения, 3 изд., М.; Мусхелишвили, Н. (1967). Курс аналитической геометрии, 4 изд., М.
ლიტ.: მუსხელიშვილი ნიკოლოზ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 1984, ტ. 7, თბ., გვ. 212.