-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი არქეოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მუსხელიშვილი ლევან ვახტანგის ძე (08. IV.1900, თბილისი-16.VII.1942, თბილისი), არქეოლოგი, ისტორიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1927). მუშაობდა სახელმწ. მუზეუმის არქეოლ. განყ-ების ასისტენტად (1931), შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად; ივ. ჯავახიშვილმა იგი მიიწვია შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის სწავლულ მდივნად (1937-1940); მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ქართ. ხელოვნების ისტორიის ინ-ტში მატერ. კულტურის ისტორიის განყ-ების გამგედ (1941-დან). მ.ლ.-ის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში შუა ს. ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლ. გათხრების დაწყება და შემდგომი განვითარება. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს ბოლნისის სიონის ტერიტორია (1936), დაიწყეს ნაქალაქარ დმანისის (1936-1937), გეგუთის ციხე-დარბაზის (1937), გუდარეხის ნამოსახლარის (1938-1938) გათხრა, მდინარე მაშავრის ხეობის არქეოლ. ძეგლების შესწავლა (1937). მ. ლ.-მა გამოაქვეყნა შრომები სამშვილდის, სიონის და მცხეთის სვეტიცხოვლის უძველეს ქართულ წარწერებზე, დააზუსტა თარიღები და ისტორიული პირთა ვინაობა. მ.ლ.-ის სამეცნ. მუშაობის დასაწყისისათვის აღსანიშნავია მისი დაინტერესება ბრინჯაოს ხანის ძეგლებით. იგი საგანგებოდ სწავლობს საქართვ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლოგიის განყ-ების ფონდებში დაცული ბრინჯაოს ცულების მდიდარ კოლექციას და ამის საფუძველზე პირველად გამოყოფს დას. საქართვ. არქეოლ. კულტურის წრის ძეგლებს აღმ. საქართვ. არქეოლ. კულტურის წრის ძეგლებისაგან, აღნიშნავს დას. საქართვ. ბრინჯაოს ცულების თავისებურებებს და უწოდებს მათ კოლხურს. იგი პირველი არქეოლოგი იყო, რ-საც შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლისთავის იუბილესათვის მზადების პერიოდში, ივ. ჯავახიშვილის რეკომენდაციით, მიენდო ფეოდ. საქართვ. გარკვეული ისტორიულ-არქეოლ. ძეგლების გამოვლინება-შესწავლა და, ამასთანავე, სათანადო-არქეოლ. მასალების შეგროვება საიუბილეო გამოფენისათვის. მ.ლ.-მა, როგორც ხელმძღვანელმა, პირველად მიიღო მონაწილეობა ბოლნისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში (1936). ბოლნისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა ტერიტორია ბოლნისის სიონის გარშემო და თვით სიონშიც, რ-იც მაშინ მიწის სქელი ფენით იყო დაფარული, დააზუსტა ქართ. ხუროთმოძღვრების ამ ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლის გეგმა, აღმოაჩინა და გაშიფრა ბოლნისის ქართ. უძველესი წარწერები, უპირველეს ყოვლისა, ბოლნისის ცნობილი სააღმშენებლო წარწერა (რ-იც ამ ექსპედიციის მუშაობის შედეგად აღმოჩნდა), აღმოაჩინა უძველესი სტელები და ჯვრები, შეისწავლა ბოლნისის მიდამოების უძველესი არქეოლ. ძეგლები, სამარხები. ამასთანავე, მთელი ხეობის მოსახლეობის ისტორია, შემადგენლობა და სხვ. ექსპედიციამ მ. ლ.-ის ხელმძღვანელობით დიდ წარმატებას მიაღწია, მან აღმოაჩინა და გამოამზეურა იმ დროისათვის სრულიად უცნობი ძეგლები და მასალები (საეკლუსიო და საერო ნაგებობები, ეპიგრაფიკული ძეგლები, მონეტები, კერამიკა, ლითონის, მინის, ძვლის, ქვის ნივთები და სხვ.), ამასთანავე, ნაქალაქარისა და მისი გარეუბნების ტერიტორიაზე შერჩენილი საეკლ. და საერო ხუროთმოძღვრული ძეგლები დეტალურად აღნუსხა. დმანისის ნაქალაქარის გათხრის პარალელურად, ექსპედიციამ მ. ლ.-ის ხელმძღვანელობით ჩაატარა არქეოლ. ექსკურსიები დმანისის მიდამოებში მდინარეების ისპიანისა და მაშავერის ხეობებში, ნაქალაქარს ზემოთ მდინარეების ფინეზაურის, ლოქისწყლის ხეობებში. იგი არქეოლ. გათხრების პარალელურად ისტორიის დარგშიც განაგრძობდა კვლევა-ძიებას. ერთი მხრივ, იკვლევდა სოც. ისტორიის საკითხებს, მეორე მხრივ, ისტორიულ წყაროთა მეცნიერ გამოცემაზე მუშაობდა. მან გამოაქვეყნა ნაშრომები: „ვაჰანის ქვაბთა განგება“ (1939); „ბოლოკ-ბასილის მშენებლობა შუარტყალში და აბუსერიძეთა საგვარეულო მატიანე“ (1941). დას. საქართველოს ეკონ. ისტორიის საკითხებს მიუძღვნა ორი ნაშრომი, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XVI-XVII სს“. მ. ლ.-მა თავისი შრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართ. ხუროთმოძღვრების ისტორიის პრობლემათა გაშუქებაში. წმინდა ისტ. ხასიათის გამოკვლევების გარდა გამოქვეყნებული აქვს შრომები, სადაც ბევრი მანამდის უცნობი ხუროთმოძღვრული ძეგლია განხილული. სპეც. ლიტერატურაში გამოსცა ძვ. ტექსტები, რ-იც შეიცავენ მნიშვნელოვან ტერმინებსა და ცნობებს მშენებლობის შესახებ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მუსხელიშვილი, ლ. (1939). ვაჰანის ქვაბთა განგება (XIIIს.). თბ.; მუსხელიშვილი, ლ. (1941). არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერის ხეობაში. თბ.; მუსხელიშვილი, ლ. (1938). დმანისი. ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა. თბ.; მუსხელიშვილი, ლ. (2019). საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ.,. არტანუჯი, ISBN: 9789941487286.
ლიტ: კოპალიანი, ჯ. (2000). ლევან მუსხელიშვილი-ცხოვრება და მოღვაწეობა: დმანისი 2. თბ., მეცნიერება.