მუხაძე გრიგოლ მიხეილის ძე
მუხაძე გრიგოლ მიხეილის ძე

მუხაძე გრიგოლ მიხეილის ძე (08.I.1879, თბილისი-8.X.1948, თბილისი). ქართვ. ქირურგი, ორთოპედია-ტრავმატოლოგიისა და მეცნ. და პრაქტ.  ქირურგ.  ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941), მედიცინის მეცნ. დოქტორი (1914), პროფესორი (1919), საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ-ის მედიცინის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1944). დაჯილდოებულია: საპატიო ნიშნის ორდენით (1942); შრომის წითელი დროშის ორდენით (1943). სწავლობდა ჯერ სას. სასწ., შემდეგ კი სას. სემინარიაში. დაამთავრა ტომსკის სახელმწ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1908). პეტერბურგში იგი მუშაობდა პროფ. ვლადიმირ ოპელის კლინიკაში სადისერტაციო თემაზე: ,,სისხლის მიმოქცევის შემცირებული წრის გავლენა სისხლის საერთო წნევაზე”. ამ სამეცნ. ნაშრომისთვის მას მედიცინის  დოქტორის ხარისხი მიენიჭა (1912). ქირურგთა შორის მ. გ. პირველი ქართვ. დოქტორია. მან მონაწილეობა მიიღო ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საერთაშ. კონგრესში (1913), იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში, ოპერაციებზე ესწრებოდა უცხოელ ქირურგებს  და ბევრი რთული მეთოდი შემდეგ თავის კლინიკაშიც დანერგა. სამშობლოში დაბრუნებისას იყო: ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგ. განყ-ბის გამგე (1911); თბილ. და მე-8 ლაზარეთის მთ. ქირურგი (1914-1918); თბილ. ტრავმატოლოგიური ინ-ტის დირექტორი (1918); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918) და თსუ-ის საექიმო ფაკ-ტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორთაგანი; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო თბილ. ყველა ევაკოჰოსპიტალის ხელმძღვ.; დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრ. სადგურს (1932), რ-იც  მისი ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტად (1935); იყო რესპ. ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი (1925-1937); დაარსა საქართვ. სსრ-ის მეცნ. აკადემიის ექსპერტთა კლინ. ქირურგ. და ჰემატოლოგიის ინ-ტი (1946).

თხზ.: მუხაძე, გრ. (1929). კუჭის წყლულის ქირურგიული მკურნალობა. ტფ.;  მუხაძე, გრ. (1933). სისხლის გადასხმა. ტფ., სახელგამი; მუხაძე, გრ. (1929). კლინიკური დაკვირვებანი ავერტინის ნარკოზის შესახებ. ტფ.; მუხაძე, გრ. (1929). შარდსაწვეთების გადანერგვა ნაწლავში, მისი შედეგები,გართულებები და მათი საწინააღმდეგო ზომები: [მოხსენდა საქართველოს ექიმთა მე-V კონგრესს 24-29/I, 1924 . ბათომში]. ტფ., 1929.

ლიტ.: კომახიძე,მ.(1961). გრიგოლ მუხაძე: ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ., საქ. სსრ-ის მეცნ. აკად., თბ.; მუხაძე გრიგოლ მიხეილის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7. თბ., 1984, გვ. 228; საყვარელიძე, ს. (2015). საქართველოში ქირურგიის ფუძემდებლები. ისტორიული მემკვიდრეობა, ნოემბერი, N11; საქართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 4.