მშვიდობაძე თენგიზ ილიას ძე
მშვიდობაძე თენგიზ ილიას ძე

მშვიდობაძე თენგიზ ილიას ძე (1931, თბილისი - 1998, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი. ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,დიალექტიკური მთელი და მომენტი“ (1974), ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,დიალექტიკური მატერიალიზმი როგორც ფილოსოფიური სისტემა“ (1989), პროფესორი (1991). მოღვაწეობდა თსუ-ში; იკვლევდა დიალექტიკის, ეთიკისა და ესთეტიკის პრობლემებს. თავის ნაშრომებში ასაბუთებდა დიალექტ. მატერიალიზმის პრინციპების ერთიანობას, როგორც მეცნიერული ფილოსოფიური სისტემის საფუძველს. ავტორია მრავალი სამეცნ. სტატიისა და ფუნდამენტური მონოგრაფიების. მ. თ.-მ შეისწავლა დიალექტ. მთელის ბუნება და მისი დამოკიდებულება დიალექტიკურ მომენტთან; დიალექტ. მატერიალიზმის პოზიციებიდან გამოიკვლია ლოგიკურის ბუნება, რ-საც საზ-ებრივი პრაქტიკით განსაზღვრულ ასახვად მიიჩნევდა. მან კრიტიკულად გააანალიზა არისტოტელეს, ი. კანტის, ი. ფიხტესა და გ. ჰეგელის თვალსაზრისები; აჩვენა ცნობიერების დიალექტ. ბუნება, როგორც ობიექტური სინამდვილის იდეალური ასახვის ფორმა.

თხზ.: მშვიდობაძე, თ. (1974). დიალექტიკური მთელი და მომენტი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მშვიდობაძე, თ. (1983, 1986). დიალექტიკური მატერიალიზმი როგორც ფილოსოფიური სისტემა, ნაწ. 1–2. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მშვიდობაძე, თ. (1987). ლოგიკური დიალექტიკური მთელის ასპექტით. თბ., განათლება; მშვიდობაძე, თ. (1996). ესთეტიკური. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მშვიდობაძე, თ. (1997). ეთიკური. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მშვიდობაძე, თ. (1997). ცნობიერება. თბ., უნ-ტის გამ-ბა.