-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ენათმეცნიერი
მრევლიშვილი თინა (თინათინ) (1908, ქ. კიევი, უკრაინა-1993) მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1930). მუშაობა დაიწყო ფონეტ. ლაბორ. ასისტენტად (1931), კითხულობდა ლექციებს რუს. ენაში (1934-დან). მ. თ.-ის დისერტაცია მიეძღვნა მიხეილ ლერმონტოვის პროზის ლექსიკას, დისერტაციის დაცვის შემდეგ კი იგი აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე. სხვადასხვა წელს კითხულობდა ლექციებს თბილისის პუშკინის სახე. პედ. ინს-ტში (შემდგომ სულხან-საბა ორბელიანის სახ., ახლანდელი ილიაუნი), იყო მისაღები გამოცდების საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, ფილოლ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე. მან დააარსა რუს. ფილოლ. განყ-ბაზე ახ. კათედრა (1948) — რუს. ენის №2 კათედრა, რ-საც 40 წელი ხელმძღვანელობდა; იყო მშრომელთა დეპუტატების ქ. თბილ. ორჯონიკიძის რაიონის სამივე მოწვევის საბჭოს დეპუტატი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით იენის უნ-ტის (გერმანია) ეგიდით გამოიცა ქართვ. და გერმ. სპეციალისტთა ერთობლივი შრომების რამდენიმე კრებული, ჩატარდა კონფერენციები თბილისსა და იენაში. მ. თ.-ს ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი სიტყვათწარმოების, მწერლის ენის, ტექსტის ლინგვ., რუს. ენის სინტაქსისა და რუს., როგორც უცხოური ენის, სწავლების საკვანძო საკითხებზე. მისი მონოგრაფია „რთული ქვეწყობილი წინადადების სახეები ნ. ვ. გოგოლის ენაში“ გამოიცა რუს. ენაზე მოსკოველი მეცნიერის, პროფ. ფ. კუზმინის რედაქტორობით. მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მოსკოვში (1963), იყო პროფესორი, თბილ. პუშკინის სახ. პედ. ინს-ტის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი კომისიის წევრი; თბილისის საშ. სკოლების პედაგოგთა კულტურის უნ-ტის რექტორი, საზ-ბა „ცოდნის“ (ლიტ-რისა და კულტ. სამეცნ.-მეთოდ. ცენტრის ხელმძღვ.) პრეზიდიუმის წევრი; თსუ-ის სამეცნ. საბჭოს თავმჯდომარე; თსუ-ის სამეცნ. საბჭოს წევრი; რუს. ენის სახელმძღვანელოთა დამდგენი კომისიის წევრი; საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრული და კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბის გამგეობის წევრი; საქართვ. განათლების სამინისტროსთან არსებული სასწავლო-მეთოდური საბჭოს თავ-რე; საქართვ. პროფკავშირების რესპ. საბჭოს წევრი; საქართვ. ქალთა რესპ. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; ჩეხოსლოვაკიასთან კულტ. ურთიერთობისა და მეგობრობის საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი. მას გადასცეს მედალი „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის“, აგრეთვე გადასცეს შრომის წითელი დროშის ორდენი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მრევლიშვილი, თ. (1985). Вопрос о нерасчлененных сложноподчиненных предложениях в русской лингвистической литературе: Лекции по курсу "Современ. рус. яз." для студентов филол. фак. отд-ния рус. яз. и лит. Изд-во Тбил. ун-та; მრევლიშვილი, თ. (1981). საქმიანი ქაღალდების შედგენა რუსულ ენაზე = Составление деловых бумаг на русском языке. თბილ. უნ-ტის გამ-ბა; მრევლიშვილი, თ. (1960). Виды сложноподчиненного предложения в языке Н. В. Гоголя (Вечера на хуторе близ Диканьки). Изд-во ТГУ; მრევლიშვილი, თ. (1955). Речевая характеристика персонажей повести Н.В. Гоголя "Шинель". Изд-во ТГУ.