-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მრევლიშვილი გია მიხეილის ძე (30.V.1938, თბილისი - 15.VIII.2008, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით-დაბალი ტემპერატურების ფიზიკა (1961). სამეცნ.-კვლ. მუშაობა დაიწყო სტუდენტობის დროს, პ. პრივალოვის კალორიმეტრიულ ლაბორატორიაში (მსოფლიოში ცნობილი ბიოფიზიკოსი, ჯ. ჰოპკინსის უნ-ტის პროფესორი, აშშ). უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის ბიოფიზიკის განყ-ბის კალორიმეტრიულ ლაბორატორიაში ელ. ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით. ელ. ანდრონიკაშვილმა მ. გ.-ს დაავალა პ. პრივალოვთან ერთად შეესწავლა ბიოლოგიური ობიექტების დაბალტემპერატურული თვისებები. კვლევა დაიწყეს ყინული-წყალი ფაზური გადასვლის ტემპერატურული უბნით, რამაც ისინი ბიოლოგიურ ობიექტებში წყლის ფიზიკური მდგომარეობის დადგენის ახალ მეთოდამდე მიიყვანა; ეს მეთოდი მსოფლიოში ცნობილია, რ-ც ჰიდრატაციის კვლევის კალორიმეტრიული მეთოდი (პრივალოვ-მრევლიშვილის მეთოდი) და შესულია თითქმის ყველა ბიოპოლიმერების ფიზიკა-ქიმიის ცნობილ მიმოხილვით შრომასა და მონოგრაფიაში. იგი ხელმძღვანელობდა ბიოპოლიმერების ფიზიკის განყ-ბას, მან შეასრულა რამდენიმე ფუნდამენტური კვლევა ბიოფიზიკის დარგში. მსოფლიოში პირველად დადგენილი მოვლენა (დაპალტემპერატურული კალორიმეტრიის საშუალებით) - წყლის ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება ავთვისებიან სიმსივნეებში, კიბოს ქსოვილებსა და უჯრედებში ნორმალურ ქსოვილებთან შედარებით. სსრკ მეცნ. აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულ ამ სამეცნ. კვლევას რეკომენდაცია მისცა ცნობილმა ონკოლოგმა, აკადემიკოსმა ლ. შაბადიმ. ეს მოვლენა შემდეგ ამერიკელმა მეცნიერებმა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის მეთოდით დაამტკიცეს, რაც გახდა საფუძველი თანამედროვე უზუსტესი, არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდის შექმნის, რ-იც ცნობილია ბირთვული მაგნიტური ტომოგრაფიის სახელწოდებით. მ. გ. და აკად. ლ. ბუიშვილი ატარებდნენ ერთობლივ შრომებს ბირთვულ-მაგნიტური რელაქსაციას ბიოლოგიურ ობიექტებში და დაბალ ტემპერატურებზე ბიოპოლიმერების სითბური თავისებურებების (მაგალითად "ბოზონური პიკი") აღწერას. რუსულ ენაზე გამოიცა მისი მონოგრაფია "ბიოლოგიური მაკრომოლეკულების დაბალტემპერატურული კალორიმეტრია" (თბ., მეცნ., 1984), ეს ნაშრომი ითარგმნა იაპონურ ენაზე და გამოიცა ოკაიდოს უნ-ტის გამომცემლობაში (1994). ავტორი მიწვეული იყო წიგნის პრეზენტაციასა და იაპონიის ნაციონალურ კონფერენციაზე კალორიმეტრიაში. იყო თსუ-ის მაკრომოლეკულური ფიზიკის კათედრის გამგე (1982-დან). მისი უშუალო ინიციატივით ფიზიკის ფაკ-ტზე გაიხსნა ახალი სპეციალობა - "სამედიცინო დიაგნოსტიკის ფიზიკური საფუძვლები" (1999). პორტუგალიის მეცნ. და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გამოყოფილი ევროკავშირის გრანტის საფუძველზე, მ. გ. მისივე შედგენილი პროგრამის მიხედვით, ეწეოდა სამეცნ. მოღვაწეობას პორტოს უნ-ტის ქიმიის ფაკ-ტზე ბიოლოგიური კალორიმეტრიის განვითარებისათვის პორტუგალიაში (1999-დან). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელ. უნ-ტში ბიოფიზიკის სპეციალობით (1981). პროფესორი (1986). იყო ჯ. სოროსის ფონდის პროფესორის საპატიო სახელის მფლობელი (1992-1998). მიენიჭა პ. მელიქიშვილის პრემია (1998).