-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი ლოგიკოსი პროფესორი
მიქელაძე ზურაბ ნიკოლოზის ძე (1916, ქუთაისი - 1993, თბილისი), ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის ფილოსოფიის განყ-ება (1939); ასპირანტურა (1944). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მიმართებათა ლოგიკის ზოგიერთი საკითხი“ (1944). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,ლოგიკური კვლევები“ (1984). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში (1944-დან). რეპრესირებულ იქნა პოლიტ. ბრალდებით და 10 წლით გადაასახლეს ციმბირში (1946, რეაბილიტირებულია 1956). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტსა (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) და კიბერნეტიკის ინ-ტში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელიც თავად იყო. ხელმძღვანელობდა თსუ-ის ლოგიკის კათედრას (1975-1989) და მეცნ. თარგმანის მთ. სარედაქციო კოლეგიას (1982-დან). მ. ზ.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროა: არისტოტელეს ლოგიკური მოძღვრება, სიმბოლური ლოგიკა და ლოგიკის ისტორია. მან პირველმა გააანალიზა არისტოტელეს ლოგიკა თანამედროვე ფორმალური ლოგიკის პრინციპების საფუძველზე. იკვლევდა სემანტიკისა და მათემატიკური ლოგიკის საკითხებს; ფიზიკოსებთან ერთად აღმოაჩინა ორობითი შეკრებისა და გამოკლების ახ. წესი, რაც საფუძვლად დაედო გამოთვლითი მანქანის პროექტს. არისტოტელეს ლოგიკური ტრაქტატების სრული რუს. თარგმანის რედაქტორი და კომენტატორი.
თხზ.: მიქელაძე, ზ. (1960). უშუალო დასკვნათა თეორიის ზოგიერთი საკითხი. თბ., საქართვ. სსრ მეცნ. აკად.; მიქელაძე, ზ. (1970). ლოგიკის დაფუძნებისათვის. თბ., მეცნიერება; Микеладзе, З. (1978). Основоположения логики Аристотеля. Мысль; Микеладзе, З. (1979). Об одном классе логических понятий, логический вывод. Наука; Mikeladze, Z. (1982). Intensional Principles in Aristotle. Helsinki; მიქელაძე, ზ. (1992). ლოგიკის ისტორია. პარალელური კონცეფციოგრაფიები, ნაწ. I. თბ. უნ-ტის გამ-ბა.