მიქელაძე შალვა ექვთიმეს ძე
მიქელაძე შალვა ექვთიმეს ძე

მიქელაძე შალვა ექვთიმეს ძე (28.III. 1895, თელავი -1976). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1935), საქ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960), საქ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1962). დაამთავრა ბაქოს საშ. ტექნ. სასწავლებელი და სწავლობდა პეტროგრადის ელექტროტექნიკურ ინ-ტში(1915-1916) და პეტერბურგის სამხ.-საინჟ. უმაღლ. სკოლაში (1916-1917), საიდანაც გაიწვიეს სამხ. სამსახურში. მუშაობდა თბილ. ელექტრულ ნაგებობათა სამმართველოში, ზაჰეს-ში და პარალელურად სწავლობდა თსუ-ში მათ. ფაკ-ტზე (1920-1929). მუშაობდა თსუ-ში, სპი-ში და თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტში. მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. მათ. ინ-ტში (ქ. ლენინგრადი, 1933-1935).  ხელმძღვანელობდა საქ. მეც. აკად. ა. რაზმაძის სახ. თბილ. მათ. ინ-ტის გამოთვლითი მათ. განყ-ბას (1935-1976). პარალელურად, ის  ხელმძღვანელობდა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრას (1953-1955). ის ხელმძღვანელობდა მის მიერვე თსუ-ში ჩამოყალიბებულ მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრას (1955-1970), რომლის ბაზაზე შემდგომში შესაძლებელი გახდა თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის ჩამოყალიბება.   პროფ. მ. შ. გამოთვლითი მათ. ქართ. სკოლის ფუძემდებელია. მისი სამეცნ. ნაშრომები ეხება ფუნქციათა მიახლოების, რიცხვითი ინტეგრების, რიცხვითი გაწარმოების, რიცხვითი განტოლებების ამოხსნის, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების რიცხვითი ამოხსნის და მექანიკის ამოცანების მიახლოებითი ამოხსნის მეთოდებს. მის მიერ მიღებული შედეგები გადმოცემულია მონოგრაფიებში, რ-იც სსრკ სახელმწ. პრემიით აღინიშნა (1952).  პროფ. მ. შ. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის (1951), ხალხთა მეგობრობის, „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და მედლებით.

თხზ.: მიქელაძე, შ. (1932). გამოკვლევა u-pu-q=O სახის განტოლებისა, სტალინის სახ. საქართვ. საინჟენერო-სააღმშენებლო ინ-ტის მოამბე 1 ნაკვეთი.. - ტფ. სახელგამი, 83-99გვ.; მიქელაძე, შ. (1946). ინტერპოლების თეორია და პრაქტიკა. ფუნქციათა ინტერპოლება, რიცხვითი გაწარმოება და ინტეგრება, საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 394გვ.