მიქაბერიძე რუსლან გრიგოლის ძე
მიქაბერიძე რუსლან გრიგოლის ძე

მიქაბერიძე რუსლან გრიგოლის ძე (24. VIII. 1939, ხარკოვი, უკრაინა - 16.12. 2020, თბილისი). მსახიობი; საქართვ. დამს. არტისტი (1981). დაამთავრა თბილ. მხატვრული თვითმოქმედების კულტ-საგანმან. სასწ. (1960-1962); თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1969). მ. რ. მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში-მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში (1960-1970); კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში (1971-1972); შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში (1972-დან). მან ითამაშა არაერთ სპექტაკლში და შექმნა დასამახსოვრებელი სახე. განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრი: შურა (ს. მიხალკოვის "სომბრერო"), ვალენტინო (შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), სპირიდონი (ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), მეზღაპრე (ანდერსენის "თოვლის დედოფალი"), ქამელეონი (მ. მაშადუს "ბრაზილიის საუნჯე"), რუინდანი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), ძერჟინსკი (დ. თაქთაქიშვილის "ნევის შადრევანი"), კიკვიძე (ვ. დარასელის "დივიზია №16"), გრძელი გაიოზი (რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი") და სხვ. კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: პეტრიონიუსი (ჯ. ფლეტჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება"), ოფიცერი (შილერის "დონ კარლოსი"), ჯოყოლა (ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა"), ბენ იოხაი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), არჩილი (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), პატრონი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), შიო ხარაძე (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში") და სხვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში განასახიერა შემდეგი როლები: ხაჟომია (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გლებ რიაბინინი (ი. დვორეცკის "უცხო კაცი"), სპირიდონი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), შუისკი (ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანეს სიკვდილი"), კაპულეტი, ბრეკენბერი (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "რიჩარდ III"), პირველი აბჯროსანი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), კრეონი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), გრიგოლი (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), მალისოვი (ა. გელმანის "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი). იგი თეატრის პარალელურად აქტიურად მოღვაწობს "ქართულ ფილმში" (1972). შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. მისი კინოდებიუტი შედგა უზბეკურ ფილმში „თეთრი, თეთრი ყარყატები“ (რეჟ. ა. ხამრაევი, 1967). მნიშვნელოვანი როლებია: ჯოტო გვასალია („მთვარის მოტაცება“, რეჟ. თ. მელიავა, 1973), შვანგირაძე („დათა თუთაშხია“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), შალვა ხეთერელი („ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რეჟ. გ. შენგელაია, 1984), ავტობუსის მძღოლი („ნეილონის ნაძვის ხე“, რეჟ. რ. ესაძე, 1985). კოლორიტული სახეები შექმნა ფილმებში: „მიმინო“ (გივი ივანოვიჩი; რეჟ. გ. დანელია, 1977), „თეირანი – 43“ (ტერორისტი; რეჟ-ები ა. ალოვი, ვ. ნაუმოვი, 1981), „ჩეგემური დეტექტივი“ (ბახუტი; რეჟ. ა. სვეტლოვი, 1986), „პასპორტი“ (მუსტაფა; რეჟ. გ. დანელია, 1990) და სხვ. ეპიზოდური როლები აქვს შესრულებული სხვადასხვა ფილმში („მაცივარში ვიღაც იჯდა“ „მიდიოდა მატარებელი“ და სხვ). იგი ავტორია ლექსების, ეპიგრამებისა და პაროდიების.

თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მიქაბერიძე, რ. (1997).  სულიკო: სატირული ლექსების კრებული. თბ., კლდე; მიქაბერიძე, რ. (1990). ლექსები, ეპიგრამები, პაროდიები. თბ., მერანი, ; მიქაბერიძე, რ. (1998).   სადღეგრძელო: ლექსები. თბ., ცოტნე; მიქაბერიძე, რ. (2000).  ლალე: სატირული ლექსები. თბ., ცოტნე; მიქაბერიძე, რ. (2000). ამირანის მითი. თბ., კლდე.

მასზე: ბაღაშვილი, მ. (თანაავტორი). (1989). საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო: 1989 წელი. თბ., საქ. სსრ თეატრის, მუსიკისა და კინოს სახ. მუზეუმი.