-
ავტორი
- კატეგორიები: ლიტერატურათმცოდნე
მეტრეველი საბა შოთას ძე (29.VII.1970, სოფელი რიონი, წყალტუბოს მუნიციპ.), ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1994), ასპირანტურა (1997), ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ–ტი გერმანული ენის სპეციალობით (1993); ფილოლოგიის დოქტორი (1998), თბილ. 55-ე საჯარო სკოლის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (1994–2007), პ. იბერის რელიგიურ-ჰუმანიტარული უნ–ტის ლექტორი (1994–1995), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (1998), თსუ–ის ა. წერეთლის კაბინეტის მეცნიერ თანამშრომელი (2003–2006), მცირე აკად. პროფესორი (2005–2007), აგრარული უნ–ტის მოწვეული ლექტორი (2010-2011), საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ–ტის მოწვეული პროფესორი (2014); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ქართ. ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგე (2021). მ.ს.-ს ინტერესთა სფერო მოიცავს ძვ. ქართ. ლიტერატურის, კერძოდ, ქართ. აგიოგრაფიისა და მე-20 ს. ქართ. ლიტერატურის კვლევას. გარდა ამისა, მისი კვლევის ობიექტია ქართ. ფოლკლორი და ქართული დრამ. თეატრის ისტორია. იგი იყო პირველი, ვინც ქართ. აგიოგრაფიის შესწავლა დაიწყო ლიტურგიკულ-ეორტალოგიურ პრინციპზე დაყრდნობით და წარმოაჩინა საეკლ. მწერლობის ამ დარგის იკონოგრაფიული სახისმეტყველებითი ასპექტები „აგიოგრაფიული სიტყვა და ლოგოსი“ (2000), „ქართული აგიოგრაფიის (IV–X) იკონოგრაფიული სახისმეტყველება“ (2008), „წმინდა ასურელ მამათა წამება - ცხოვრებანი“ (2014), „ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები – აგიოგრაფია“ (2020). ასევე, მ.ს.-ს სახელს უკავშირდება საბჭ. ტოტალიტარიზმის ესთეტიკის შესწავლა, მან პირველმა უძღვნა მონოგრაფია ე.წ. კომუნისტური აგიოგრაფიიის საკითხების ახლებურ გააზრებას. აღსანიშნავია მ.ს.-ს ინტერდისციპლინური კვლევები ქართ. მწერლობისა და თეატრის მიმართულებით, კერძოდ, ქართველ მწერალთა (რომანტიკოსები, ილია, აკაკი, ყაზბეგი, ვაჟა, გალაკტიონი და სხვ.) არტისტული პროფილის, სასცენო ხელოვნებისაკენ მათი სწრაფვის, მათი სამსახიობო თუ სარეჟისორო მცდელობათა წარმოჩენა. მ.ს. აქტიურად იკვლევს XX ს. ქართ. ლიტერატურის განვითარების თავისებურებებს, რისი შედეგებიც აისახა მის მონოგრაფიებში: „ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი“ (2018); „გოდერძი ჩოხელის ბედისწერა“ (2024) და სხვა პუბლიკაციებში. აღსანიშნავია მამულიშვილობის პარადიგმაზე ს.მ.-ს მიერ შესწავლილი და შეფასებული ს. მესხის ცხოვრება და ღვაწლი, რ–იც აისახა მონოგრაფიაში „მამულიშვილი“ (2025).
თხზ.:მეტრეველი, ს. (2011). ილია და აკაკი - ლიტერატურული ნარკვევები. თბ., გამომც. ნეკერი. ISBN: 9789941436246; მეტრეველი, ს. (2012). ტრაგიკული ტალანტი. თბ., გამომც. ნეკერი. ISBN: 9789941436529; მეტრეველი, ს. (2015). კომუნისტური აგიოგრაფია. თბ., გამომც. მწიგნობარი. ISBN: 9789941450662; მეტრეველი, ს. (2016). თამაშის ხელოვნება. თბ., გამომც. ნეკერი. ISBN: 9789941457500; მეტრეველი, ს. (2022). ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე. თბ., გამომც. საგა. ISBN: 978-9941-974-24-3; მეტრეველი, ს. (2023). ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., მეცნ. აკად. გამომც. ISBN: 978-9941-8-5870-3.