მეტრეველი ალექსანდრე ირაკლის ძე
მეტრეველი ალექსანდრე ირაკლის ძე

მეტრეველი ალექსანდრე ირაკლის ძე (2.XI.1944, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1971). სამოყვარულო ჩოგბურთის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი; უიმბლონის ტურნირის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში (1973) და ორგზის ფინალისტი წყვილთა თანრიგში (1968; 1970). ევროპის 16-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში, სსრკ 29-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში, მოგებული აქვს 8 პროფ. ტურნირი ერთეულთა თანრიგში და 2 წყვილთა თანრიგში (1970-1978). დასახელებული იყო მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელად მოყვარულთა შორის (1972-1974); შევიდა მსოფლიოს მოყვარულ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ათეულში მეცხრე ნომრად (1974). 18 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში, აქედან 12-ჯერ დასახელდა პირველ ნომრად (1966–1967, 1969–1978). რეგულარულად მონაწილეობდა დევისის თასზე (105 მატჩი). დამარცხებული ჰყავს მსოფლიო ჩოგბურთის კორიფეები ჯ. ნიუკომბი, ჯ. კონორსი, ი. კოდეში და სხვა. გამოირჩეოდა აქტ. კომბინაციური თამაშით, აქცენტით - ბადესთან გასვლაზე. მაღალი ფსიქოლ. და ფიზ. მომზადებით. იყო საქართვ. ნაკრების მწვრთნელი (1981-1982); საქართვ. სატელეგრაფო სააგენტოს მიმომხილველი (1988-1992). მოღვაწეობა გააგრძელა მოსკოვში სპორტულ კომენტატორად, მიღებული აქვს პრემია საუკეთესო რეპორტაჟისათვის (2020).  იყო საქართვ. სპორტკომიტეტის თავ-რის მოადგილე (1982-1987) და სსრკ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მ. ა. იყო ავსტრალიის საპატიო მოქალაქე; საქართვ. საუკეთესო სპორტსმენი და სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1966); ევროპის აბსოლ. ჩემპიონი (1970); სსრკ აბსოლ. ჩემპიონი (1970); სსრკ აბსოლ. ჩემპიონი (1970-1973, 1976); სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1976). დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით საქართველოში ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისთვის (1996). მინიჭებული აქვს ქართული სპორტის რაინდის წოდება (2014); მიღებული აქვს 2 დევისის თასის სპეციალური მედალი Davis Cup Commitment Aword) (2015); იყო თბილ. საპატიო მოქალაქე (2017).