მესხია ჯემილა ივანეს ასული
მესხია ჯემილა ივანეს ასული

მესხია ჯემილა ივანეს ასული (19. IV. 1933, ქ. ზუგდიდი – 18. III. 2013, თბილისი), გეომორფოლოგი, პოლიტიკოსი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი. ოქროს მედალზე დაამთავრა ზუგდიდის საშ. სკოლა, წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეომორფოლოგიის სპეციალობით (1956). მუშაობდა გეომორფოლოგიის კათედრის ასპირანტად (1961-1962), შემდეგ ლაბორანტად (1962-დან). შეთავსებით მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად და თბილ. პედ. ინ-ტში. ალ. ჯავახიშვილისა და ა. ცაგარელის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მდ. ცხენისწყლის აუზის შუა და ქვემო ნაწილების გეომორფოლოგია“ (1968). ნაშრომი წარმოადგენს ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების უკუკავშირებით გეომორფოლოგიის რიგი ფუნდამენტური საკითხების ახსნის ცდას. შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „შავი ზღვის ქვაბულის მიმდებარე მთიანეთის რელიეფის მორფოსტრუქტურული ანალიზი (საქართველოს ფარგლებში)“ (1999). ნაშრომში გაგრძელებულია ტრადიციული მორფოსტრუქტურული მიმართულება, თუმცა განვითარებულია ახალი სამეცნ.-მეთოდური საფუძველი. ნაშრომის ძირითადი ღირსებაა მორფოსტრუქტურათა / მორფოსკულპტურათა კორელაციური ნალექების გეომორფოლოგიური ანალიზი, მათ შორის, უკუკავშირებით რელიეფის სხვადასხვა გეომორფოლოგიური დონეებისა (მოსწორებული ზედაპირების, ზღვიური და მდინარეული ტერასების, კარსტული და მყინვარული წარმონაქმნების და სხვ.) და ტექტონიკური დეფორმაციების ასაკისა და ხასიათის, მორფოსტრუქტურების ტიპებისა და რელიეფის ასაკის მიხედვით. მის მაგალითზე დასმული და გადაწყვეტილია გეომორფოლოგიის ისეთი ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო. ნაშრომს მაღალი შეფასება მიეცა საერთაშ. გეომორფოლოგიურ თათბირზე (2001).

ჯ.მ.-ს გამოქვეყნებული აქვს 33-ზე მეტი ნაშრომი საქართვ. და საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნ. გამოცემებში.  მ. ჯ. იყო ეროვნ. მოძრაობის აქტიური მონაწილე 1990-იან წლებში, საქართ. რესპ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1992), ჯარისკაცთა დედათა კომიტეტის საქართვ. განყ-ბის თავ-რე.

თხზ.: მესხია, ჯ. (1967). მდ. ცხენისწყლის აუზის ლენტეხი-მურის მონაკვეთის გეომორფოლოგიური დახასიათების ცდა. თბილ. უნ-ტის შრომები, ტ. 122, გვ. 59-67; მესხია, ჯ. (1968). რელიეფის განვითარების ისტორია მდ. ცხენისწყლის აუზის ლენტეხი-რიონის მონაკვეთის ფარგლებში. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, N 3, ტ. 49, გვ. 617-622; მესხია, ჯ. (1970). ცხენისწყლის აუზის სარეწკელაშურის მონაკვეთის გეომორფოლოგიისათვის. საქართვ. სსრ გეოგრ. საზ-ის შრომები., ტ. 11, გვ. 35-41; მესხია, ჯ. (1972). გეომორფოლოგიური აგეგმვისა და კარტირების სასწავლო-საველე პრაქტიკის პროგრამა. თბ. უნივ. გამომც.; მესხია, ჯ. (1976). დასავლეთ კავკასიონის სამხრეთი ფერდობისა და კოლხეთის მთათაშორისი ქვაბულის სასაზღვრო ზოლის რელიეფის მორფოსტრუქტურული ანალიზი. საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, N 2, ტ. 82, გვ. 409; მესხია, ჯ. (2002). კავკასიის რეგიონის გეომორფოლოგიური ეტაპის გეოდინამიკური ფაქტორების ახლებური შეფასება, ჟურნ.: მეცნიერება და ტექნიკა, N 7-9, გვ. 99-103; მესხია, ჯ. (2003). კავკასიის რეგიონის თანამედროვე გეოდინამიკური პროცესების შესწავლისათვის: [ინსტრუმენტალური გაზომების საფუძველზე კავკასიის რეგიონის კარტოგრაფიულ-გეოდინამიკური მოდელის ანალიზი]. ჟურნ. მეცნიერება და ტექნოლოგიები, N 1-3, გვ. 121-129.

ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.