მელიქსეთ-ბეგი  ლეონ მელიქსეთის ძე
მელიქსეთ-ბეგი ლეონ მელიქსეთის ძე

მელიქსეთ-ბეგი ლეონ მელიქსეთის ძე (სომხ. Լեոն Մելիքսեթ-Բեկ, 26.IX. [ძვ.სტ.14 IX], 1890, თბილისი, საქართველო-03.IX. 1963). სომხ. წარმოშობის საქართველოში მოღვაწე მეცნიერი, არმენოლოგი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1928), პროფესორი (1930), საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1941), სომხ. სსრ მეცნ. აკად.  წ.-კორ. (1945). ოდესის უნ-ტის დამთავრების შემდეგ მ. ბ. ლ. მუშაობდა საქართვ. ცენტრ-არქივსა და თბილ. სხვადასხვა სამეცნ. დაწესებულებებში.  თსუ-ის დაარსების პირველივე დღეებიდან პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით იგი მიიწვიეს სომხ. ენის ლექტორად (1918). იგი იყო თსუ-ის არმენოლოგიის კათედრას ხელმძღ. (1922-1963). მ. ბ. ლ. მუშაობდა: ლიტმცოდნეობის; არქეოლ.; ხელოვნებათმცოდნეობის; ეთნოგრ.; ეპიგრაფიკის; სამართ; ბიბლ. და სხვა საკითხებზე. მისი შრომები, გარდა მეცნ. მიზნებისა, ემსახურება ქართვ. და სომეხ. ხალხთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობის განმტკიცებას. მ. ბ. ლ. გამოცემული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი (სტ.-ები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები) ქართ, რუს. და სომხ. ენებზე. ავტორია შემდეგი შრომებისა: „ქართველების ნათესაობა ესპანელებთან ძველი წყაროების მიხედვით“ (1911, რუს. ენაზე); „მეგალითური კულტურა საქართველოში“ (1938, ქართ. ენაზე); „საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები“ (ტ. I, 1949, ქართ. ენაზე); „ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ“ (1-3, 1934-1955, სომხ. ენაზე); „სომეხი მწერლები და საქართველო“ (ტ. I, 1963, სომხ. ენაზე) და სხვა. იგი პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც - თარგმნიდა სომხ. ქართ. და პირიქით. მის პირად არქივში დაცულია მრავალი გამოუქვეყნებელი ნაშრომი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მ. ბ. ლ.-ს ეკუთვნის შემდეგი პუბლიკაციები: ,,კლდეკარნი“ (1924, საისტ. მოამბე, 1); ,,კაწარეთი“ (1924,საისტ. მოამბე: 2), ვახუშტისეული "იშტუტრუქისა"-თვის (1924, საისტ. მოამბე- 3),  კრიტიკა და ბიბლიოგრაფია (1924 - საისტ. მოამბე, 3), ,,გარეჯის "მრავალმთის" სომხური ეპიგრაფიკა და პოლიგლოტური წარწერა” - ქართ.-სომხ.-სპარს.-უიღურული (1940 - ენიმკის მოამბე: ტ. 5-6), ,,საქართველოს მეფის ერეკლე II და რუსეთის იმპერატორ პავლე I სიგელები მხარგრძელთადმი” (1945, საისტ. მოამბე, 1), ,, შანშა-შარვანშა” (1959 - თსუ შრომები: ტ. 73), ,,ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა” (1964, თსუ შრომები: ტ. 108), ,, კახეთ-ჰერეთ-სომხითის საკვანძო საკითხის გარკვევისათვის”- ("ქორებისკოპოსი" თუ "ქორიკოზი", "გურგენი" თუ "კორიკე"  (1983, თსუ შრომები, ტ.241).

ლიტ.:  ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი).(1994). მამულიშვილთა სავანე. თბ., გვ. 265; ;  შილაკაძე, ი. (1983.). ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 6. თბ., გვ. 559.