მელაძე გიორგი (გივი) გიორგის ძე
მელაძე გიორგი (გივი) გიორგის ძე

მელაძე გიორგი (გივი) გიორგის ძე (18.VIII.1930, ქ. ხონი), აგრომეტეოროლოგი, აგროეკოლოგი. აგრ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1988), საქართვ. ტექნიკური უნ-ტის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მთავარი მეცნ.-თანამშრომელი (1976-დან). დაამთავრა საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკ-ტი (1953). გაიარა ასპირანტურის კურსი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1958-1961). დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ახალი სუბტროპიკული რაიონების აგროკლიმატური დახასიათება“ (1962), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების წარმოების აგროკლიმატური პირობების გამოკვლევა კავკასიის ტერიტორიაზე, მათი განვითარებისა და მოსავლის აგრომეტეოროლოგიური პროგნოზების მეთოდები“ (ლენინგრადი, ახლანდ. სანკტ-პეტერბურგი, 1975). მ. გ. მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტის უფრ. მეცნ.-თანამშრომლად (1963-დან), ამავე ინ-ტის აგრომეტეოროლოგიის განყ-ბის გამგედ (1979-2005) და სამეცნ. საბჭოს თავ-რედ (2018-2023). იყო აკად. თ. დავითაიას პირველი ასპირანტი. შემდეგ მუშაობდა პროფესორად საქართვ. აგრარულ უნ-ტსა (1974-2005) და თსუ-ში (1991-2005). კითხულობდა სალექციო კურსებს საგნებში: აგროეკოლოგია, მცენარეთა ეკოლოგია, აგროკლიმატოლოგია. მ. გ. იყო „საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასის“ აგროკლიმატური ნაწილის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე, 25 რუკის ავტორი და თანაავტორი (2011). მ. გ.-ს გამოქვეყნებული აქვს 280-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 17 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო. მ. გ.-ს მინიჭებული აქვს საქართვ. რესპუბლიკის დამს. აგრონომის წოდება (1983). დაჯილდოებულია სსრკ-ის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ბრინჯაოს მედლით (1986), მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „ღირსების ორდენით“ (2001) და საქართვ. ტექნიკური უნ-ტის „ოქროს მედლით“ (2022).

თხზ.: მელაძე, გ. (1991). აგრომეტეოროლოგია. თბ., ISBN 5-505-01234-5; მელაძე, გ. (1998). ეკოლოგია აგრომეტეოროლოგიის საფუძვლებით. თბ.; მელაძე, გ. (თანაავტორი). (2003). მცენარეთა ეკოლოგია. თბ.; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; მელაძე, გ. (თანაავტორი). (2010). საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონების აგროკლიმატური რესურსები. თბ., ISBN 978-9941-12-816-5; მელაძე, გ. (თანაავტორი). (2012). საქართველოს დასავლეთ რეგიონების აგროკლიმატური რესურსები. თბ., ISBN 978-9941-17-622-7; მელაძე, გ. (თანაავტორი). (2020). კლიმატის ცვლილება: აგროკლიმატური გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ საქართველოში. თბ., ISBN ISBN 978-9941-26-652-2.