მჭედლიშვილი დავით ალექსანდრეს ძე
მჭედლიშვილი დავით ალექსანდრეს ძე

მჭედლიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (26.III.1984, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (2005). მიენიჭა ფიზიკის მეცნ. აკად. დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომზე: „ნეიტრონ-პროტონული გადამუხტვის ამპლიტუდის ყოფაქცევის შესწავლა COSY ამაჩქარებელზე ANKE სპექტრომეტრის გამოყენებით“ (2013). სადისერტაციო თემაზე მუშაობისას იმყოფებოდა იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია), მონაწილეობდა ANKE და PAX საერთაშ. თანამშრომლობების კვლევით საქმიანობაში-ერთ და ორმაგად პოლარიზებული ექსპერიმენტების დაგეგმვა-ჩატარებაში და მიღებული მონაცემების დამუშავებაში (2008 - 2012). მ. დ. გახდა  წევრი JEDI საერთაშ. თანამშრომლობის (2011-დან); მონაწილეობდა ექსპერიმენტის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის-პოლარიმეტრის დეტექტორის (JePo) შექმნაში. მ. დ.-ის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა დეტექტორის მონაცემების შეგროვებისა და ონლაინ მონიტორინგის სისტემის შექმნა; ციულიხში ყოფნის პერიოდში იყო რამოდენიმე ANKE/JEDI ექსპერიმენტის თანახელმძღვ. მ. დ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, დეტექტორის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის სისტემების შექმნა-განვითარება; არის რამოდენიმე ათეული სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: “First measurements of spin correlations in the pol{n}pol {p} → dπ⁰reaction” (Phys. Lett. B726, 145, 2013); “A new beam polarimeter at COSY to search for electric dipole moments of charged particles” (Journal of Instrumentation, 15,  P12005, 2020); “First Search for Axionlike Particles in a Storage Ring using a Polarized Deuteron Beam” (Phys. Rev. X 13, 2023). საქართველოში დაბრუნების შემდეგ (2017-დან), მ. დ.-მა გააგრძელა მუშაობა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში. პარალელურად, იგი ხელმძღვანელობს ქართულ-გერმანული სამეცნ. ხიდის ფარგლებში დაარსებულ SMART|EDM ლაბორატორიას, რ-იც თემატურად დაკავშირებულია JEDI ექსპერიმენტებთან, წვლილი მიუძღვის JePo დეტექტორის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის სისტემების შექმნაში. ლაბორ. მეშვეობით საქართველოდან ბევრმა სტუდენტმა შეძლო საერთაშ. კვლევით საქმიანობაში ჩართვა. მ. დ. არის ადგილ. საერთაშ. მრავალი სამეცნ. ღონისძიებისა და საგრანტო პროექტის მონაწილე და ხელმძღვ.; მიღებული აქვს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის“ პროგრამის პერსონალური გრანტი, იმყოფებოდა GSI კვლევით ცენტრში (დარმშტადტი, გერმანია); აქტიურად მონაწილეობდა CBM ექსპერიმენტის STS დეტექტორის მოდულების ტესტირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდების, ასევე აპარატურული და პროგრამული სისტემების შემუშავებაში.