მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი
მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი

მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი, სამეცნ.-სასწ. ცენტრი (1961-დან). თსუ-ში შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ფიზ.-გეოგრ. კათედრის გამგე, დოცენტი მელიტონ (მელენტი) სანებლიძე, ბიოლოგები დოცენტი დ. მელაძე და ასისტენტი ზ. შენგელია. კომისიის მთ. მიზანი იყო შეესწავლათ სოფ. მარტყოფის მიდამოები და დაედგინათ აქ სასწ. დანიშნულების სტაციონარის არსებობის შესაძლებლობა. კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა ადგილი საგურამო-იალნოს ქედის სამხრეთ მთისიწინეთში, მდ. ტევალისხევის (ალისხევის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, სოფ. მარტყოფიდან (ამჟ. გარდაბნის მუნიც.) ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ მანძილზე. სტაციონარი შეირჩა ისეთ ადგილას, სადაც თავმოყრილია აღმ. საქართვ. დამახასიათებელი თითქმის ყველა ლანდშაფტი. ამიტომ ეს ტერიტორია უნიკალური აღმოჩნდა როგორც სტუდენტთა საველე პრაქტიკის, ასევე სამეცნ. კვლევების  ჩასატარებლად. სტაციონარს გამოეყო 4 ჰ. მიწა, დამონტაჟდა 3 ფინური კოტეჯი (1963). ვინაიდან ბიოლოგებმა უარი თქვეს სტაციონარზე, იგი მთლიანად გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ზაფხულში ჩატარდა პირველი სტუდენტური სასწ.-საველე პრაქტიკა ფიზ. და ეკონ. გეოგრაფიაში (1964). პირველ პრაქტიკას ხელმძღვანელობდნენ დოცენტები: ეკატერინე (კატო) კანდელაკი, დოცენტი ალექსანდრე ტერელაძე და ლაბორანტი ეთერ ხიტალიშვილი. მაისში სტაციონარის მეტეოსადგურზე პირველი მეტეოროლ. ანათვალი აიღო ჟოზეფინა წილოსანმა და სწორედ აქედან დაიწყო მარტყოფის სტაციონარის რეალური ისტორია და ეს წელი მის დაარსების წლად გამოცხადდა (1965). კვლევის პირველ ეტაპზე სტაციონარზე მხოლოდ მეტეოროლ. დაკვირვებები ტარდებოდა (1965-1969). ჯერ კიდევ სტუდენტმა, მოგვიანებით პროფ. ნ. ბერუჩაშვილმა (დოც. მ. სანებლიძის ხელ-ით), ჩაატარა სტაციონარის მიდამოების კომპლ. ფიზ.-გეოგრ. კვლევა, შეადგინა დეტალური ლანდშაფტური რუკა (მასშტაბი 1 : 25,000) და ფიზ.-გეოგრ. ატლასი. ამ კვლევის შედეგად შეიქმნა სტაციონარის მუზეუმ-ექსპოზიცია, რ-იც იალნოს ქედისა და მიმდებარე მთისწინეთის ბუნების ძირითად თავისებურებებს ასახავდა. კვლევის მეორე ეტაპზე  დაიწყო ბტკ-ების სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესწავლა (1969-1972). კვლევის შედეგები გამოქვეყნდა „ლანდშაფტურ კრებულში“ (1972), თუმცა ეს კვლევები უმთავრესად ბიოცენოლოგიური და ეკოლ. სტაციონარების კვლევის მეთოდიკას შეესაბამებოდა. კვლევის მესამე ეტაპზე დაიწყო კვლევის ახ. პროგრამა ლანდშაფტურ-გეოფიზ. და ლანდშაფტურ-ეთოლოგიური გამოკვლევები, რომელთა შედეგად დადგინდა დღეღამური მდგომარეობები (სტექსები) და მათი დინამიკა (1972-1975). კვლევის მასშტაბურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს ეტაპი „ოქროს პერიოდად“ იქნა შეფასებული. სწორედ ამ პერიოდში დღე-ღამეში 5000–6000 ანათვალი აღირიცხებოდა, რომელთა ბაზაზეც ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების  სტრუქტურისა და ფუნქციონირების 100-ზე მეტი პარამეტრის ანალიზი იყო შესაძლებელი. გამოდიოდა ყოველკვარტალური ბიულეტენი („დაკვირვებები და კვლევები მარტყოფის სტაციონარზე“, 1973-1975), სადაც მოცემული იყო დაკვირვებების შედეგები და იბეჭდებოდა სტაციონარის თანამშრომელთა სტატიები. გამოვიდა აგრეთვე სტატიების კრებ. „ლანდშაფტური გამოკვლევები მარტყოფის სტაციონარზე“ (1975, რუსულად, ფრანგულად). კვლევის მეოთხე ეტაპი დაკავშირებულია შეგროვილი მონაცემების დამუშავებასა და ანალიზთან. ამ პერიოდში ნ. ბერუჩაშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1983), ხოლო საკანდიდატო დისერტაციები დაიცვეს: რ. მაღლაკელიძემ (1984), თ. ჯიბლაძემ (1984), გ. ელიზბარაშვილმა (1984), თ. ზირაქაშვილმა (1985) და სხვებმა. გამოიცა მონოგრაფია “სტაციონარული კვლევების შესახებ” („Стационарные исследования – что они дали?“ თბ., 1987). კვლევის მეხუთე ეტაპი დაკავშირებულია სტაციონარზე მოპოვებული მონაცემების კომპიუტერული დამუშავების პროცესთან. სტაციონარი აუქციონზე გაიყიდა (2011). მარტყოფის სტაციონარის პირველი გამგე იყო დოცენტი მელიტონ (მელენტი) სანებლიძე; სტაციონარის ხელმძღ.:  პროფ. ნიკო ბერუჩაშვილი (1984), ასოცირებული პროფ. რობერტ მაღლაკელიძე (2007-დან). სხვადასხვა დროს სტაციონარზე მუშაობდნენ: ნუნუ ხარაძე, თეიმურაზ ზირაქაშვილი, თეიმურაზ ჯიბლაძე, გოგი ელიზბარაშვილი, ავთანდილ ზონენიშვილი, თენგიზ დეკანოიძე, ამირან (გოგი) თედიაშვილი, იგორ ელისეევი, ლევან ალიაშვილი და სხვები; მრავალი წლის განმავლობაში ტარდებოდა საველე პრაქტიკა სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლების გეოგრ. სპეციალობის სტუდენტებისთვის, აქ პრაქტიკა გაიარა დაახლოებით 500-მდე სტუდენტმა ალმაათის, გროზნოს, ერევნის, ვილნიუსის, ირკუტსკის, კიევის, ლვოვის, მინსკის, მოსკოვის, რიგის, როსტოვის, სანქტ-პეტერბურგის, სარატოვის, სიმფეროპოლის, ტარტუს, ტომსკის, ყაზანის, ყუბანისა და ხარკოვის უნ-ტებიდან (1981-1991); მომზადდა დაახლოებით 50 სადიპლომო ნაშრომი. მარტყოფის სტაციონარზე აქტიურად მუშაობდნენ ბულგარეთის, გერმანიის, ვიეტნამის, კუბის, პოლონეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და ჩილეს უნ-ტების ასპირანტები და მეცნიერ-მუშაკები. აქ ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებულია დაახლოებით 200 სტატია და 10 მონოგრაფია.

ლიტ.: ბერუჩაშვილი ნ. (თანაავტორი). (1993). ლანდშაფტური პრაქტიკა მარტყოფის სტაციონარზე. თბ..; ბერუჩაშვილი ნ. (თანაავტორი). (2020). ლანდშაფტური პრაქტიკა. თბ.