მარქარიანი ლიანა გიორგის ასული
მარქარიანი ლიანა გიორგის ასული

მარქარიანი ლიანა გიორგის ასული (11.I.1996, თბილისი), მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი, მედია მკვლევარი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი. დაამთავრა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება (ბაკალავრი, 2019). ამავე უნ-ტში დაასრულა ინტერდისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ (მეცნიერების მაგისტრი მედიის კვლევებში, 2021) და მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა (2025), მიენიჭა მასობრივი კომუნიკაციების დოქტორის ხარისხი. არის მფლობელი უნ-ტის ოქროს მედლისა, რ-იც გამორჩეული ლიტ. ქართ. ენით მეტყველებისა და პოპულარიზაციისთვის მიენიჭა (2021). იკავებს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის მულტიმედია ცენტრის უფრ. სპეციალისტის პოზიციას (2021-დან); თსუ-ში მუშაობს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს „ტელემედია“, „მობილური ჟურნალისტიკა“ და „აპლიკაციები, ვიზუალური თხრობა“, ასევე იყო ლექტორის ასისტენტი კურსზე „ბეჭდური მედია“. სტუდენტებთან ერთად ჩართულია მრავალ პრაქტიკულ პროექტში და ამუშავებს მათ ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით. ამასთან, იყო რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის დიზაინერი, ტექნ. რედ. და რედ., მათ შორის ჟურნ. „სასკოლო სპორტის“ მთ. რედ. აკად. საქმიანობის პარალელურად, არის საქართვ. საზ-ებრივი მაუწყებელის პირველი არხის წამყვანი და ჟურნალისტი (2019-დან). სხვადასხვა წლებში მიჰყავდა საავტორო რუბრიკები სოც. საკითხების გაშუქებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამჟამად იგი ტელეარხზე უძღვება საავტორო რუბრიკას - „სახეები“, რ-იც ეძღვნება მრავალფეროვნებას, ტოლერანტობას, ინკლუზივსა და სხვადასხვა ჯგუფების ინტეგრაციას. არის მოწვეული ლექტორია რამდენიმე უნ-ტის ჟურნალისტიკის მიამრთულებაზე (2023-დან). მ. ლ.  წლების განმავლობაში ინტენსიურად მუშობდა სომხურ-ქართ. ურთიერთობების გაღრმავების, ეთნ. ჯგუფების ინტეგრაციისა და ქართ. ენის პოპულარიზაციის მიმართულებით. სხვადასხვა დროს საქმიანობდა როგორც სომხეთის საზ-ებრივი მაუწყებელის პროდიუსერ-კორესპონდენტი საქართველოში. მას ეკუთვნის სპეციალურად მომზადებული მედიაწიგნიერების ტრენინგ-კურსი - „კიბერმოქალაქე“ - ეთნ. ჯგუფებისთვის, რ-იც თსუ-ის ეგიდით სხვადასხვა სკოლის 1000-მდე მოსწავლეს ჩაუტარა. მისი  სამეცნ. ინტერესების სფეროა დეზინფორმაცია, პროპაგანდა, მანიპულაციური მექანიზმები, გენდერული და ეთნ. სტერეოტიპები მედიაში, ინფორმაციული უსაფრთხოება და მედია ფსიქოლოგია. მისმა კვლევებმა (თანაავტორი მაია ტორაძე), დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზებსა და სოციალური ქსელის მომხმარებელზე გავლენების ასპექტში,  ბოლოს დროის კრიზისულ ვითარებებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.  ლ.მ.-ის სადისერტაციო ნაშრომში - „მანიპულაციური მექანიზმების ტრანსფორმაცია საბჭოთა პრესიდან ციფრულ მედიამდე: ტიპოლოგია და ისტორიულ-შედარებითი ანალიზი (საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე)“- შემოთავაზებულია მედიამანიპულაციების კვლევის ახალი მიდგომები, მატრიცა და ტექსტის მანიპულაციური მექანიზმების ახალი ტაქსონომია. აღნიშნული კვლევა ღირებულია სომხურ-ქართ. პრესის და თნამედროვე მედიის შედარებითი ანალიზის გამო და სიახლის სახით აყალიბებს ტერმინს/ცნებას „ფსევდო-პოზიტიური ინფორმაცია“ (false-positive manipulations). თეორ. თვალსაზრისით, ეს არის პირველი ნაშრომი, რომელიც სომხეთსა და საქართველოში ერთსა და იმავე პერიოდსა და გარემოებებში არსებულ მანიპულაციებს ადარებს, რაც ამ ყველაფრის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მეტად ნათლად წარმოაჩენს. აღნიშნული ნაშრომის ქვეთავები გამოქვეყნებულია Web of Science-ის ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში. ხოლო მისი სხვა ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშ. რეცენზირებად ჟურნალებში: „ყალბი გვერდი, როგორც ყალბი ინფორმაციის გავრცელების საშუალება“ (2020); „Manipulative mechanisms and reasons behind sharing fake news during Russo-Ukrainian War: A three-fold study“ (2023); „Pseudo-positive Information and COVID-19: Reasons behind Sharing Fake News (Georgian Social Media Analysis)“  (2024). ინტენსიურად მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

თხზ.: მარქარიანი, ლ. (თანაავტორი). (2021) The voice of women and challenges of gender equality in Georgian media. IGI Global, ISBN10: 1799866866.