მარგველაშვილი გივი
მარგველაშვილი გივი

1998 წლის 27 აპრილს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, გივი მარგველაშვილს (14. 12. 1927 - ბერლინი)  მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

გივი მარგველაშვილი სწავლობდა ბერლინის ვილმერსდორფის საჯარო სკოლაში (1934-1939), ფიხტეს სახელობისა (1939-1942) და ბისმარკის (1945-1946) სახელობის გიმნაზიებში.

1946 წლის თებერვალში მამასთან, ემიგრანტ ტიტე მარგველაშვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. ტიტე მოსკოვში გადახვეწეს და დახვრიტეს. 1947 წელს გ. მარგველაშვილი საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკ „ზაქსენჰაუზენში“ მოათავსეს. ტყვეობის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში,  სადაც  ნათესავებთან ცხოვრების  ნება დართეს.

1947-1952 წლებში თსუ-ის ევროპული ენების ფაკულტეტზე იგი ეუფლებოდა ინგლისურ და გერმანულ ენებს. სწავლის დასრულების შემდეგ იქვე ინგლისური  და გერმანული ენების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1954-1957 წლებში  სწავლა გააგრძლა ასპირანტურაში გერმანისტიკის განხრით.

1957-1970 წლებში გ. მარგველაშვილი უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის მასწავლებელია.  1969 წელს იგი თეატრალურ დასთან ერთად თარჯიმნად გაემგზავრა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც მოინახულა ვოლფ ბირმანი. 1983 წლიდან მეგობრობს აღმოსავლეთ ბერლინის ცნობილ პუბლიცისტ ეკეჰარდ მაასთან. 1989 წლიდან ხშირად მიემგზავრება გერმანიაში, სადაც ეკეჰარდ მაასთან ერთად მართავს შეხვედრებს პლენცლაუერბერგელ პოეტებთან, მხატვრებთან და  ისეთ ცნობილ მწერლებთან, როგორებიც არიან:  ანდრეი ბიტოვი, ბულატ ოკუჯავა, ჩინგიზ აიტმატოვი, ალან გინსბურგი და ერნსტ იანდლი.

1990-1991 წლებში  მწერალი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი იყო, 1996 წელს კი ბამბერგში  პოეტიკის ლექციების კურსს კითხულობდა.

1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიან რომან „კაპიტან ვაკუშის“ ორი  ტომი. ქვეყნდება სხვა რომანები და პროზაული კრებულებიც: „მუცალი“ „დიდი კორექტურა“, „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“.

მწერალმა მალე მოიპოვა აღიარება. მას თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად მოიხსენიებენ. გ. მარგველაშვილი მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით - ლექციების წასაკითხად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.

გივი მარგველაშვილი ცნობილია, როგორც გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული წარმომადგენელი. 2007-2014 წლებში გამოიცა მისი  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომანი „ოფიცერი პემბი“.

გ. მარგველაშვილი მრავალი ჯილდოს მფლობელია: ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ლიტერატურული პრემია (1995), ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის წამახალისებელი ჯილდო (1997), გუსტავ რეგლერის  სახელობის ჯილდო (2002), გოეთეს მედალი (2006), გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო (2008), ქართულ-გერმანული კულტურის პრემია (2013), იტალო-სვევოს პრემია (2013), მწერლის 88 წლის იუბილესთან დაკავშირებით – უმაღლესი საპრეზიდენტო ორდენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება (2015).