-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
მანჯავიძე გოგი (გიორგი) თერაფონტეს ძე (06.V.1924, ზესტაფონი - 13. IV. 1999 თბილისი). მათემატიკოსი, პროფესორი (1972), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1970). დაამთავრა: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1947) და საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1950). დაიცვა დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად (1951), მიენიჭა მეცნ. დოქტორის ხარისხი (1970). ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის სწავლული მდივანი (1950-1954) და სამეცნ. მიმართულების დირექტორის მოადგილე (1954-1977), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის კომპლექსური ანალიზის და მისი გამოყენებების განყ-ების გამგე (1977-1989). ის იყო სხვადასხვა სამეცნ. საზ-ბისა და საბჭოს წევრი, მათ შორის: საქართვ. მათ. საზ-ბის, ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის და ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის შრომების სარედ. კოლეგიის წევრი და გამოცემების რედაქტორი, ი. ვეკუას გამოყენებითი მათ. ინ-ტის სემინარის გაფართოებული სხდომების ერთ-ერთი ორგანიზატორი, კომპლექსური ანალიზის სექციის ხელმძღვ. აქტიურად იყო ჩართული საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობაში. იგი იყო ტრიესტის (იტალია) თეორ. ფიზიკის სკოლის თანადირექტორი, კითხულობდა ლექციებს კომპლექსურ ანალიზსა და დრეკ. თეორიაში თბილ., ჰალეს (გერმანია) და გრაცის (ავსტრია) უნ-ტებში. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მისი ძირითადი შრომები ეხება სინგულარული ინტეგრალური განტოლებების სისტემებს წყვეტილი კოეფიციენტებით, სადაც უცნობ ფუნქციებთან ერთად შედის კომპლექსურად შეუღლებული ფუნქციებიც, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს მიმდევრობითი მიახლოების მეთოდის გამოყენებით, ფუნქციათა თეორიის გადაადგილებიანი სასაზღვრო ამოცანების კვლევას. ამ მიმართულებით მიღებული ერთ-ერთი შედეგი შემდგომში „კონფორმული შეწებების თეორემის“ სახელით გახდა ცნობილი. მან ასევე შეისწავლა პარამეტრზე დამოკიდებული გადაადგილებიანი ამოცანა და დაამტკიცა კონფორმული გარდაქმნების კერძო ინდექსების ინვარიანტობა. მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო განზოგადებული ანალიზური ვექტორების მიმართ წყვეტილი სასაზღვრო ამოცანების თეორიაში. გამოავლინა კავშირი ანალიზური ფუნქციების გადაადგილებიან ამოცანებსა და განზოგადებული ანალიზური ფუნქციების შესაბამის ამოცანებს შორის. მისი მონოგრაფია „წრფივი შეუღლების გადაადგილებიანი სასაზღვრო ამოცანები ანალიზური და განზოგადებული ანალიზური ფუნქციებისთვის“ (1990) ითარგმნა და გამოიცა ინგლისურად (Boundary value problems, Part III, Some topics on value distribution and differentiability in complex and P-adic analysis. Mathematics monograph series 11, Science Press, 2008). ამ ნაშრომისთვის მიენიჭა საქართვ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის პრემია (1990).