მანჯავიძე ზურაბ შალვას ძე
მანჯავიძე ზურაბ შალვას ძე

მანჯავიძე ზურაბ შალვას ძე (12.VII.1923, თბილ. -25.V.1987, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი ექსპერიმენტული ფიზიკის სპეციალობით (1947). მუშაობდა თსუ-ში ლაბორანტად და ასისტენტად (1947-1954); საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში (ახლანდელი ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტი) ელემენტარული ნაწილაკების რეგისტრაციის მეთოდების ლაბორ. ხელმძღვანელად  (1954-1962);  ინ-ტის დირექტორის მოადგილედ (1962–1970); ახალი მეთოდების დამუშავების ლაბორ. ხელმძღვანელად  (1970–1987); დაამუშავა 1,5-ლიტრიანი კონდენსაციური კამერა, რ-იც გახდა ფიზიკის ინ-ტისა და თსუ-ის კოსმოსური სხივების იალბუზის ლაბორატ. ძირითადი დეტექტორი (1950); მისი მეშვეობით ქართველმა მეცნიერებმა, ინგლის-საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფისაგან დამოუკიდებლად, თუმცა ერთდროულად, აღმოაჩინეს ახალი სახის ელემენტარული, ე. წ. "უცნაური" ნაწილაკები; ამავე ლაბორატორიაში დაამუშავა 14-ლიტრიანი კონდენსაციური კამერა და ასობით აღმოჩენილი უცნაური ნაწილაკით შეიქმნა მსოფლიოში უდიდესი ნაწილაკების ბანკი (1953); შემდეგ წლებში მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კონდენსაციური დეტექტორი გამოიყენეს ბირთვულ კვლევათა საერთაშ. ინ-ტში (დუბნა, რფ). შექმნა დიდი მოცულობის, იმ დროისათვის უნიკალური დეტექტორები, რომელთა მეშვეობით შესრულდა მნიშვნელოვანი კვლევები ცხრაწყაროს კოსმოსური სხივების ლაბორატორიაში (1980); გამოიგონა და შექმნა სრულიად ახალი, ე. წ. დაცლითი-კონდენსაციური და დაცლითი-დიფუზიური კამერები (1968); მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მსოფლიოს უდიდესი 5-მეტრიანი სტრიმერული კამერა (1978); XX ს. 70–80-იან წლებში მისი ხელმღვანელობით ახალი მეთოდების დამუშავების ლაბორატორიაში წარმატებით შესრულდა სამუშაო ექსპერიმენტი მონაცემებისა და სამეცნ. კვლევების ავტომატიზაციის დარგში, მიკროპროცესორთა გამოყენებით შეიქმნა რამდენიმე მიკრო ეგმ, რ–ებიც ექსპერიმენტულ აპარატურასთან ერთად ხაზზე მუშაობდნენ; არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და გამოგონების ავტორი; მიღებული აქვს ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის საერთაშ. პრემია (1966) და სახელმწ. ჯილდოები. ექსპერიმენტატორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. დამსახურებული ინჟინერი (1984); საქართვ. სახელმწიფო პრემია (1983).