მანია მიხეილ
მანია მიხეილ

მანია მიხეილ გვანჯის ძე  (09.VII.1953, ქ. თბილისი),  მათემატიკო­სი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ. (1976). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1981), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტო­რი (1999). მუშაობდა ეკონ. და სამართ. ინ-ში (1979 – 1983), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ში (1983 -დან), ამჟამად არის ამ ინ-ტის ალბათობის თეორიისა  და მათ. სტატისტ. გან-ბის ხელმძღ.   ასევე ის არის ქართულ-ამერიკული უნ-ტის პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა მისმა ოთხმა  მოსწავლემ. მისი სამეცნ. კვლევები ეხება შემთხვევითი პროცესების თეორიას, სტოქასტური ოპტიმალური მართვისა და გაჩერების ამოცანებს, ფინანსური  მათემატიკის საკითხებს. მ.მ.-მა შეისწავლა დიფუზიური პროცესების სემიმარტინგალური  ფუნქციები  და მიიღო აუცილებელი და საკმარისი პირობები ფუნქციათა კლასზე, რ-ებიც დიფუზიურ პროცესს გარდაქმნის სემიმარტინგალად, რაზე დაყრდნობითაც გამოიყვანა ბლეკ-შოულსის  და ბელმანის განტოლებები ზოგად მარკოვულ შემთხვევაში.  დაამყარა კავშირი ფუნქციონალურ განტოლებებსა და მარტინგალურ თეორიას შორის და გამოიყენა მარტინგალური მეთოდები  სხვადასხვა ფუნქციონალური განტოლებების ზოგადი ზომადი ამოხსნის საპოვნელად.  მანვე შეისწავლა სარგებლიანობის მაქსიმიზირების და ჰეჯირების ამოცანები და ამოცანის ფასის ფუნქციისთვის მიიღო შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლება, რომლის ამოხსნის საშუალებით მოახდინა ოპტიმალური სტრატეგიების აგება.  მ. მ. არის ორი სახელმძღვანელოს და 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი (აქედან 40-მდე ნაშრომი გამოქვეყნებულია იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში).

თხზ.:  მანია, მ. (ნ. ლაზრიევა, გ. მარი, ა. მოსიძე, ა. ტორონჯაძე, თ. ტორონჯაძე და თ. შერვაშიძესთან ერთად) (2000) ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა ეკონომისტებისათ­ვის. ევრაზიის ფონდი; მანია მ. (ნ. ლაზრიევა, გ. მირზაშვილი, თ. ტორონჯაძე, ო. ღლონტი და ლ. ჯამბურიასთან ერთად) (1999) ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები. პირველი სტამბა;  მანია, მ. (გ. მირზაშვილთან ერთად) (1999) დაზღვევის ძირითადი პრინციპები მათემატიკური თვალსაზრისით. გამომცემლობა “ჯისიაი”.