მამისთვალოვ–კეზერაშვილი თამარ
მამისთვალოვ–კეზერაშვილი თამარ

მამისთვალოვ–კეზერაშვილი თამარ (05.I.1932, ქ. ცხინვალი – 08.VI.2019, ისრაელი, ქ. ბათიამი), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ უნ-ტთან აქტიური თანამშრომლობისთვის მწერალს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს, სრულიად ისრაელის მწერალთა კავშირების ფედერაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ისრაელის ქართულენოვან მწერალთა და ლიტერატორთა კავშირის თავმჯდომარეს, მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (25.VI.2010).

მ.–კ. თ. დაიბადა ცხინვალში, რაბი იცხაკ მამისთვალოვის ოჯახში. საშ. სკოლის ოქროს მედლით დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტზე. აქტიურად თანამშრომლობდა აფხაზეთის ადგილობრივ და რესპუბლიკურ გაზეთებთან (1959-1970). იყო საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის საკუთარი კორესპონდენტი აფხაზეთის ზონაში (1970), ასვე იყო საქართვ. იატაკქვეშა სიონისტური ორგანიზაციის აფხაზეთის ფილიალის ხელმძღვ. (1961-1973). მ.–კ. თ. ხელმძღვანელობდა ისრაელის რადიო „კოლ ისრაელის“ ქართულენოვან განყ-ბას (1982-1999), რედაქტორობდა ჟურნალ „ციონს“ (2002). არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: „საიდუმლო“ (1973), „მოლოდინი“ (1987).

მ.–კ. თ. ისრაელის მთავრობის პრესბიუროს წარმომადგენელი და ჟურნალისტთა მსოფლიო ფედერაციის წევრია. იგი აირჩიეს საქართვ. მეცნ. აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა კვლევის ასოციაციის საპატიო წევრად (1993), ხოლო შემდეგ ქართველ ებრაელ ქალთა მსოფლიო ასოციაციის თავმჯდომარეა (1998).

მ.–კ. თ. არის ათზე მეტი ქართულენოვანი თარგმანის ავტორი. როგორც მოშეს ხუთწიგნეულის მთარგმნელს, მინიჭებული აქვს ივ. მაჩაბლის სახ. საქართვ. სახელმწ. პრემია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის მედლით (2002).