მახარაძე მიხეილ ქაზიმის ძე
მახარაძე მიხეილ ქაზიმის ძე

მახარაძე მიხეილ ქაზიმის ძე (13.XI.1946, სოფ. ფაჩხა, ხულოს რ-ნი - 4.X.2023, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1970). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები“ (1974). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,ქართული რენესანსის ფილოსოფიური კონცეფცია“ (1989), პროფესორი (2002). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი, 1970-2011), ხელმძღვანელობდა ქართ. ფილოსოფიის ისტორიის განყ-ებას (1994-დან). იყო აჭარის არ უმაღლ. საბჭოს თავ-რე (2004-2012), საქართვ. V და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის ფილოსოფიის დეპარტ. პროფესორი (2013-დან). საქართვ. ფილოსოფიის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1995). დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2012), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის (2007) და ღირსების (2004) ორდენებით. საქართვ. ეროვნ. პრემიის (2011) და შ. ნუცუბიძის სახ. პრემიის ლაურეატი(2005). მ. მ.-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო: შუა საუკუნეების ფილოსოფია, ქართ. ფილოსოფიის ისტორია, კულტურის ფილოსოფია და რენესანსის პრობლემები. მან ფუნდამენტურად გამოიკვლია არეოპაგიტიკის ფილოს. წყაროები, მისტიციზმის ბუნება, კატაფატიკური და აპოფატიკური შემეცნების მეთოდები. შეისწავლა ნეოპლატონიზმის გავლენა ქართულ სააზროვნო სივრცეზე.

თხზ.: მახარაძე, მ. (1986). არეოპაგიტიკის ფილოსოფიური პრობლემები. თბ., მეცნიერება; მახარაძე, მ. (1988). წერილები ქართულ ფილოსოფიაზე. თბ., მეცნიერება; მახარაძე, მ. (1991). არეოპაგიტიკა და ქართული ფილოსოფიური აზრის საკითხები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მახარაძე, მ. (1996). სხალთის ზარები: წერილები აჭარაზე. ბათუმი., აჭარა; მახარაძე, მ. (1999). ძიებანი ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიაში. თბ., მწიგნობარი; მახარაძე, მ. (2000). გზა ძნელად სავალი. ბათუმი, აჭარა; მახარაძე, მ. (2011). არეოპაგიტიკა: ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, წყაროები, გავლენა. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941439001.