მაისურაძე გია გიორგის ძე (24.III.1962, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). მუშაობდა არაორგანული ქიმ. და ელექტროქიმიის ინ-ტის თეორ. კვლევების განყ-ბაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1985-1992), შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1993-1996). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (1990). ასევე მუშაობდა საფრანგეთში, პიერ და მარი კიურის უნ–ტში (1992-1993), ახალ ზელანდიაში, ოკლენდის უნ-ტში მეცნ.-თანამშრომლად (1997-1999). მუშაობდა აშშ-ში, კერძოდ, კორნელის უნ-ტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1999-2000, 2007), ოკლაჰომას სახელმწ. უნ-ტში (2000-2004) და ნევადის უნ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (2004-2007), ტემპლის უნ-ტში მკვლევარ-პროფესორად (2024-2025). საქართველოში, საფრანგეთსა და ახალ ზელანდიაში იკვლევდა რამანისა და შთანთქმის სპექტროსკოპიის თეორიულ ასპექტებს და მათ გამოყენებას ბიომოლეკულებსა და გამტარ პოლიმერებში. ოკლაჰომაში განავითარა ე. წ. ინტერპოლაციის მოძრავი უმცირესი კვადრატების მეთოდი (IMLS) უნიმოლეკულური რეაქციების პოტენციური ენერგიის ზედაპირებისთვის. მისი კვლევითი ინტერესები ფოკუსირებულია ფიზიკის პრინციპების გამოყენებაზე ბიოლოგიაში (2004-დან); კერძოდ, იკვლევს ურთიერთკავშირს ცილის სტრუქტურას, დინამიკასა და ფუნქციას შორის, რისი ცოდნაც აუცილებელია ცილის დისფუნქციის მიერ გამოწვეული დაავადებების უკეთ გასაგებად, და შესაბამისად ამ დაავადებების მოლეკულურ-მექან. მკურნალობის სქემის განსავითარებლად. იყო შვიდი დოქტორანტისა და ოთხი პოსტ-დოქტორანტის ხელმძღვ. არის მრავალი წამყვანი სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნ. სტატია და ორი წიგნი.