მაჩიტიძე ვალერიან იასონის ძე
მაჩიტიძე ვალერიან იასონის ძე

მაჩიტიძე ვალერიან იასონის ძე (1.X.1915, სოფ. წირქვალი, ჭიათურის რ-ნი - 1993, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1939). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საზოგადოებრივი ყოფიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ურთიერთმიმართების საკითხები“ (1947), ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,სოციალური პროგრესი, კულტურა და პიროვნება“ (1973), პროფესორი (1974). II მსოფლიო ომის მონაწილე (1941-1945). მუშაობდა თსუ-ის ფილოსოფიის კათედრაზე (1947-დან). წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტების ფილოსოფიის კათედრას. მ. ვ.-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო ისტ. მატერიალიზმი და სოც. ფილოსოფია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი საზ-ებრივი ყოფიერებისა და საზ-ებრივი ცნობიერების ურთიერთმიმართების საკითხები, სოც. პროგრესის კანონზომიერებანი და კულტურის განვითარების დიალექტიკა. იკვლევდა პიროვნებისა და საზ-ების ურთიერთობისა და ადამიანის სოც. ბუნების ფუნდამენტურ ასპექტებს.

თხზ.: მაჩიტიძე, ვ. (1955). საზოგადოებრივი ყოფიერება და საზოგადოებრივი ცნობიერება. თბ., სახელგამი; მაჩიტიძე, ვ. (1962). პიროვნება და საზოგადოება. თბ., საბჭ. საქართველო; მაჩიტიძე, ვ. (1972). სოციალური პროგრესი და კულტურა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მაჩიტიძე, ვ. (1981). ისტორიული მატერიალიზმის კატეგორიები. თბ., განათლება.