ლორთქიფანიძე ოთარ დავითის ძე
ლორთქიფანიძე ოთარ დავითის ძე

ლორთქიფანიძე ოთარ დავითის ძე (30. X. 1930, თბილისი – 18. V. 2002, ბორჯომი), ისტორიკოსი, არქეოლოგი, ანთროპოლოგი. საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (2001); წ.-კორ. (1997); ისტ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1967), სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1953). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში (1957 წლიდან). მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ.  და ეთნოგრაფიის ინ-ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1960 წლიდან); მონაწილეობდა მცხეთის, ხოვლეს, ვანის, ბიჭვინთის, სოხუმის, ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, მირმეკიონისა და ილურატის (ყირიმი) საველე-არქეოლოგიურ სამუშაოებში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა მცხეთაში ახ. წ. I-III საუკუნეებში“(1957). სადოქტორო დისერტაციის- „ანტიკური სამყარო და ძველი საქართველო“  - დაცვის შემდეგ მიენიჭა ისტორიის მეცნ. დოქტორის ხარისხი (1966). ლ. ო. იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1972 წლიდან). ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლ. კვლევის ცენტრს (1977). იგი სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას (1966). მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მისი ინიციატივით ეწყობოდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტ. და არქეოლ. საკითხებისადმი მიძღვნილი საერთ. სიმპოზიუმები (1977). მრავალმხრივი იყო ლ. ო.-ს სამეცნ. მოღვაწეობა. მას გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნ. ნაშრომი როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე. არ დარჩენილა ძველი საქართვ. და ანტ. სამყაროს ისტ. და არქეოლ. არცერთი კარდინალური საკითხი, რომელსაც იგი არ შეეხო,  როგორიცაა ქართ. სახელმწიფოებრიობის და ცივილიზაციის გენეზისი, ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ბერძნ. კოლონიზაცია, კოლხეთისა და იბერიის ურთიერთობა ანტიკურ სამყაროსთან, “ელინიზმისა” და “ელინისტური კულტურის” დეფინიციის პრობლემები, “აბრეშუმის გზის” ისტ. წანამძღვარი, ძველი კოლხეთის ქრისტიანობამდელი რელიგია. ლ. ო.-მა დააფუძნა ვანის არქეოლ. მუზეუმი (1985), რ-შიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4 000-ზე მეტი ექსპონატი). მისი კონცეფციით შეიქმნა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. იგი იყო ორგანიზატორი საზღვარგარეთ მოწყობილი არაერთი არქეოლ. გამოფენისა. ლ. ო.-ის რედაქტორობით გამოვიდა კრ. – “ვანი, არქეოლოგიური გათხრები” (9 ტომი), “საქართველოს არქეოლოგიის საკითხები” (3 კრებული), „შავიზღვისპირეთისა და იბერიის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმების მასალები“ (11 კრ.), „საქართველოს არქეოლოგიის მრავალტომეული“ (2 ტ.), „არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში“ (17 კრ.). არქეოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის  ლ.ო. იყო სხვადასხვა ქვეყნების (ესპანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, პოლონეთი, ბულგარეთი და სხვ.) აკადემიების, ასოციაციებისა და პერიოდული თუ სერიული გამოცემების სარედაქციო საბჭოს წევრი, კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის (LIMC)-ის სამეცნ. კომიტეტის წევრი, ინდო-ევრ. და თრაკოლოგიური კვლევის საერთაშ. კონსულატის წევრი. იგი აირჩიეს პოლონეთის არქეოლოგიის საზ-ების (1972) და კლასიკური არქეოლოგიის საერთაშ. ასოციაციის წევრად (1978). გერმანიაში გამოცემულ ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს (1991) - "Archologie in Georgien" - მიენიჭა ქალაქ მაინცის არქეოლ. საზ-ების მედალი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ლორთქიფანიძე, ო. (1966). ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი: სავაჭრო-ეკონომიური და კულტურული ურთიერთობის ისტორიისათვის ძვ.წ. VI-II სს. თბ., უნ-ტის გამ-ბა;  ლორთქიფანიძე, ო. (1971). ანტიკური არქეოლოგია: ძველი საბერძნეთი. თბილ. სახ. უნ-ტის გამ-ბა; ლორთქიფანიძე, ო. (1986). არგონავტიკა და ძველი კოლხეთი. თბ., საბჭ. საქართველო; ლორთქიფანიძე, ო. (1972). ძველი კოლხეთის კულტურა. თბ.,  ხელოვნება; ლორთქიფანიძე, ო. (1973). ვანის ნაქალაქარი. თბ., საბჭ საქართვ.  ლორთქიფანიძე, ო. (2002). ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 9992893133.