ლორთქიფანიძე გურამ ამბროსის ძე
ლორთქიფანიძე გურამ ამბროსის ძე

ლორთქიფანიძე გურამ ამბროსის ძე (14. IX. 1938, ბათუმი, – 24. III. 2019, თბილისი). ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (2009), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1977). დაამთავრა  მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის  სახელმწ. უნ-ტის ისტორიის ფაკ-ტი (1961). მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის არქეოლოგიურ განყ-ებაში (1961-1977); იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1961-1968); უფ. მეცნიერ-თანამშრომელი (1968-1977); სახელმწ.  უნ-ტის საქართვ. ისტორიის კათედრის პროფესორი (1977-1978);  არქეოლოგიის კათედრის პროფესორი (1979-1981); კულტურის ისტ. და თეორიის კათედრის გამგე (1985-2006); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სრული პროფესორი (2006). ლ. გ.-ის ინიციატივით  სახ. უნ-ტის ისტორიის ფაკ-ტზე დაფუძნდა კულტურის ისტ. და თეორიის კათედრა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა (1985-2005). მან შეძლო შედარებით მოკლე დროში მოემზადებინა და ასპარეზზე გამოეყვანა ამ სფეროში ახალგაზრდა სპეციალისტთა მთელი თაობა, რომელთა თანამშრომლობითაც შეიქმნა ორი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო: „ქართული კულტურის ისტორია“ (1997) და „კულტუროლოგია“ (2003). ლ. გ. იყო იუდაიკის პედაგოგთა საერთაშ. ასოციაციის - „სეფერის“ - აკად. საბჭოს (მოსკოვი), რუსეთის მეცნ. აკადემიის საერთაშ. ასოციაციის (MAAH) ჟიურის (მოსკოვი), ვარშავის უნ-ტის ქართველ. ჟურნალის „Pro Georgia“ სარედაქციო კოლეგიის, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ჟურ. „მაცნეს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.  წლების მანძილზე იგი იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის ჟურ. - „ჩვენი მეცნიერება“ სარედაქციო კოლეგიის, სამეცნ. შრომების კრებულის, „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხების“, მთავარი რედაქტორი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული „არქეოლოგიური კომისიის“ წევრი, თსუ-ის ისრაელის ცენტრის ხელმძღვ. (2008 წლიდან). ლ. გ. თოთხმეტი წლის განმავლობაში იყო თსუ-ში უმაღლ. სასწ. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ფაკ-ტის დეკანი (1990-2004), საერთაშ. ინფორმაციის, სამართ. და კულტ. ურთიერთობების უნ-ტის რექტორი (2002-2004).  გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნ. ნაშრომი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ლორთქიფანიძე, გ. (1997). ქართული კულტურის ისტორია: უძველესი დროიდან XIX საუკუნის პირველი ნახევრის ბოლომდე. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5511007188; ლორთქიფანიძე, გ. (2007). ნარკვევები ქართული ნუმიზმატიკის ისტორიიდან. თბ.; ლორთქიფანიძე, გ. (2011). კოლხური თეთრი - კულტუროლოგიური ასპექტები. თბ.; ლორთქიფანიძე, გ. (2011). კულტუროლოგია ყმაწვილთათვის. თბ., მწიგნობარის, ISBN:9789941424373; ლორთქიფანიძე, გ. (2012). იბლიური არქეოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941132445.

ლიტ: ქართული არქეოლოგიური მეცნიერების დიდი დანაკარგი. (2019). თბილისის უნივერსიტეტი.25 აპრ.