ლომოური თამარ ნიკოლოზის ასული
ლომოური თამარ ნიკოლოზის ასული

ლომოური თამარ ნიკოლოზის ასული (28. IX. 1883, გორი-29. VIII. 1965, თბილისი) ისტორიკოსი, მეცნიერი, ნუმიზმატიკოსი. ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების ნამდვილი წევრი (1911-1915); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ების წევრი (1917-1918); დაამთავრა გორის ქალთა ოთხკლასიანი პროგიმნაზია; თბილ. ქალთა I გიმნაზია (1904); პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლ. კურსების ისტ.-ფილოლ. განყ-ბა, მსოფლიო ისტ. განხრით (1910). თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1922); უნ-ტში სწავლობდა საქართვ. (სომხ., სპარს., არაბ.) ისტორიასა და აღმ. ენებს.  ივ. ჯავახიშვილის წარდგინებით, იგი დაინიშნა უნ-ტის საისტ. განყ-ბასთან დაარსებული ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ (1924);  მან ფაკ-ტის სხდომაზე წარმატებით ჩააბარა სადოქტორო გამოცდები (1925-1926) საქართვ., სომხ. და სპარს. ისტორიებში და უნ-ტის ლექტორად დაინიშნა. მას საქართვ. ისტორიის დამხმარე დისციპლინების კურსის წაკითხვა ჩააბარეს; შემდეგ კი დოცენტად დაამტკიცეს (1932). კითხულობდა ლექციებს პალეოგრაფიაში, ნუმიზმატიკისა და დიპლომატიკაში (1926-იდან);   იყო საქართვ. სახელმწ. მუზეუმის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ-ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე (1931–1952). იგი ნუმიზმატიკური მეცნ.  ფუძემდებელია საქართვ. მან შექმნა ქართ. ნუმიზმატიკური ტერმინოლოგია, შეიმუშავა მონეტების კატალოგიზაციის სისტემა. ამ პერიოდში მისი თაოსნობით მუზეუმის ნუმიზმატიკურ განყ-ებაში მონეტების გარდა თავი მოიყარა საქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ების და ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების კოლექციებმა. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში მუშაობის პერიოდში მან მრავალი სამეცნ.  ნაშრომი გამოაქვეყნა. საქართვ. ნაპოვნი სასანური და არაბ. მონეტების განძის შესწავლის საფუძველზე ლ.თ-მ პირველმა განიხილა სასანური და არაბული მონეტების მიმოქცევის, ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხი; მოხაზა სასანური და არაბ. მონეტების გავრცელების სფერო ჩვენს ქვეყანაში; გამოამჟღავნა რამდენიმე ათეული მანამდე სრულებით უცნობი არაბ. დირჰემი; სპეციალური სამეცნ. შრომა უძღვნა შოთა რუსთაველის ეპოქის მონეტებს-პირველმა დასვა XI–XIII სს. საქართვ.  უცხ. მონეტების მიმოქცევის საკითხი როგორც ფაქტობრივი მასალის, ასევე ქართ. საისტ.  და ლიტ. ძეგლების ანალიზის საფუძველზე; შეისწავლა XIII ს. ქართ. მონეტები – ზოგიერთი კორექტივი შეიტანა მათი ზედწერილების წაკითხვასა და დათარიღებაში; დაადგინა ვახტანგ III-ის ტახტზე ასვლის თარიღი (1298/99); ივარაუდა საქართვ. მთიანეთში (ჟინვანი, სტეფანწმინდა) ზარაფხანის არსებობა. ლ-მა პირველმა მოჰკიდა ხელი საქართვ. აღმოჩენილი სელჩუკური და მონღოლური მონეტების განძების სისტემურ შესწავლას. დაადგინა რამდენიმე ახალი ზარაფხანის, მ. შ. ახალციხის ზარაფხანის არსებობის ფაქტი (XIII–XIV სს.); ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა ილხანების სახელით მოჭრილ საფასეებს; პირველმა წამოაყენა დებულება იმის შესახებ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული შეხედულება ე. წ. „გიორგაული თეთრის“ არსებობის შესახებ ბექა-აღბუღას კანონთა კოდექსის სათანადო ადგილის მცდარ ინტერპრეტაციაზე იყო აგებული; შეისწავლა საქართვ. ტერიტორიაზე გავრცელებული ჯუჩიდური მონეტები (სოფ. ალი, ხაშურის მუნიციპ.) და დაასაბუთა, რომ ამ ორ სახელმწიფოს, პოლიტ. მომენტების გარდა, მჭიდრო ეკონ. ურთიერთობაც აკავშირებდა; შეისწავლა გიორგი VII-ისა და აჰმედ ჯულაირის სახელით მოჭრილი მონეტები. ახსნა ზედწერილების შინაარსი, დაათარიღა ისინი ვიწრო ქრონოლ. ჩარჩოებით, ახსნა და დაასაბუთა ისტ. წანამძღვრები, რამაც მათი ემისია განაპირობა. დაასაბუთა XVI ს. დას. საქართვ.  ქართ. მონეტების მოჭრის ფაქტი. მას ეკუთვნის რამდენიმე ისტ. ხასიათის ნარკვევი, დავით და ბაგრატ ბატონიშვილების საისტ. თხზ. კრიტ. გამოცემა; ნ. ბერძენიშვილთან ერთად გამოსცა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“. მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მომზადებასა და გამოცემაში. მისი ნაშრომებია: ,,თამარის ფულების განძი” (ტსუ-ის შრომები, 1936, N 1); ,,XIII საუკუნის ქართული ფულის საკითხთა გამო” (საქ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე, 1940, ტ. 10B);  ,,ახალციხის ზარაფხანა” (საქ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე, 1944, ტ. 12 B); „ქოდალასგანძი“ (საქ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე, 1947. ტ.14); „დავით VII-ის და ვახტანგ III-ის ფულები“ (საქ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე, 1948, ტ. 15B);  ,,პატარა ჯიხაიშში აღმოჩენილი XVI ს. განძის გამო”, (საქ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე,  1959; ტ. 17B).

თხზ.: ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში: კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა. თბ.; ლომოური, თ. (2005). ფულის მიმოქცევის საკითხისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ., არტანუჯი, ISBN: 9994011936.

ლიტ.: დუნდუა, გ. (1970). თამარ ნიკოლოზის ასული ლომოური. ძეგლის მეგობარი, №23; საქართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 2; იმედაშვილი, ი. (2021). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: ტ. 2. თბ.