-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ლომაძე გიორგი (გოგი) არსენის ძე (27.XII.1911 ქ. მოსკ.-28.VIII.2005 ქ. თბილ.), ქართვ. მათემატიკოსი, თსუ–ის პროფესორი (1965), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1963), საქ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1982). დაამთავრა თბილ. პირველი გიმნაზია (1930), სწავლობდა თსუ–ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე (1932-1937), მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1946–1953); თსუ-ში (1948–2005), სადაც კითხულობდა ალგებრისა და რიცხვთა თეორიის ძირითად კურსებს და რამდენიმე სპეც. კურსს. თავის ადრეულ სამეცნ. ნაშრომებში, კომპლექსური ანალიზის გამოყენებით ლ.გ.–მ ერთიანი მიდგომით განაზოგადა ნატურალურ რიცხვთა კვადრატების ჯამად წარმოდგენის კვლევის ცალკეული მეთოდები და მიიღო როგორც ცნობილი, ასევე ახალი ე. წ. "ზუსტი ფორმულები" ამ წარმოდგენისთვის. მოგვიანებით ის დაუბრუნდა ამ ამოცანას და მიიღო არაერთი ზუსტი ფორმულა, რ–ებიც რიცხვთა თეორიის კლასიკური, გაუმჯობესებადი შედეგია. მან იაკობის თეტა-ფუნქციებზე, მოდულარულ ფორმებსა და მახასიათებლიან თეტა-ფუნქციებზე დაფუძნებული მეთოდების განზოგადებით შექმნა ერთიანი მეთოდი ზუსტი ფორმულების მისაღებად დიაგონალური კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენისთვის. ბინარული ფორმის შემთხვევაში მან ეს შეძლო "განზოგადებული სინგულარული მწკრივის" აგებით. ზუსტი ფორმულების უდიდეს ნაწილში მარტივი არითმეტიკული აზრის წარმოჩენის მიზნით ააგო სპეციალურ პარაბოლურ ფორმათა არაერთი სივრცის ბაზისი. როგორც დიაგონალური, ისე არადიაგონალური კვადრატული ფორმებისთვის ანალოგიურ ამოცანათა გადაწყვეტით მან არსებითი წვლილი შეიტანა ჰეკეს სპეც. ჯგუფის ჩასმების მიმართ მახასიათებლიანი თეტა-მწკრივების წარმოებულების ყოფაქცევის შესწავლით. მისი შედეგები აღიარებულია რიცხვთა თეორიის წამყვანი სპეციალისტების მიერ. მათი ნაწილი განაზოგადეს მისმა მოწაფეებმა და უცხოელმა მათემატიკოსებმა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2003).
თხზ.:ლომაძე, გ. (2000). საქართველოს მათემატიკოსთა ძირითადი შედეგები რიცხვთა თეორიაში. უნ–ტის გამ–ბა (ISBN: 9992877375); ლომაძე, გ. (2006). ლექციები უმაღლეს ალგებრაში. უნ–ტის გამ–ბა (ISBN: 9994038354); Lomadze, G. (2006). Representation of Numbers by Quadratic Forms. Main Results of the Research Done in Georgia. Georgian Mathematical Journal, N13.