ლოგუა გივი ნიკოლოზის ძე
ლოგუა გივი ნიკოლოზის ძე

ლოგუა გივი ნიკოლოზის ძე (დ. 14.IX.1930, ცახაკაია), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრა (1955) და ასპირანტურა (1958). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. (1959), ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1987). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე (1958-დან), პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლებში, მათ შორის თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტზე. იყო: თსუ-ის ფსიქოლოგიის კათედრის უფრ. ლაბორანტი (1960–1969); სოციოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1970-დან); უფრ. მასწავლებელი (1974-დან); ეკონომიკის ფაკ-ტის განყ-ბის მეთოდისტი (1956-1960). ლ. გ.-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო: გამოყენებითი სოციოლოგია, სოც. ფსიქოლოგია და პიროვნების თეორია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი მცირე სოც. ჯგუფების (კონკრ. ოჯახის ინ-ტის) სტრუქტურა და ფუნქციონირება. იკვლევდა პიროვნების ხასიათის ფორმირებისა და აღზრდის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს, საზ-ების მართვის მეთოდოლ. და რთული სოც. პრობლემების გადაწყვეტის გზებს.

თხზ.: ლოგუა, გ. (1966). რა არის ხასიათი და შეიძლება თუ არა მისი აღზრდა?. თბ., საბჭ. საქართველო; ლოგუა, გ. (1972). ოჯახის, როგორც მცირე სოციალური ჯგუფის სოციოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის საკითხისთვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა.