-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი გეომორფოლოგი
ლეჟავა ზაზა ივანეს ძე (11.XII.1956, თბილისი), გეოგრაფი, გეომორფოლოგი, საქართვ. კარსტის მკვლევარი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, გეოგრაფიის მეცნ. აკად. დოქტორი (1993). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ის გეომორფოლოგიის კათედრა (1979). იმავე წელს დაიწყო სამეცნ.-კვლ. საქმიანობა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ გეოგრაფისი ინ-ტში. სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში (1984-1987). აქვე დაიცვა დისერტაციის თემაზე „ზემო იმერეთის და მიმდებარე რაიონების კარსტი“ (1993), რასაც როგორც მეცნ.-თეორ., აგრეთვე პრაქტ.-გამოყენებთი მნიშვნელობა აქვს. ზემო იმერეთის პლატოზე პირველად ჩაატარა კარსტის კომპლ. გამოკვლევა, სადაც ბაქნური კარსტის პირობებში მიწისქვეშა კარსტული წყლების ერთიანი დონის წარმოქმნის ტენდენციასთან ერთად, გამოვლენილი დიზუნქტიური დისლოკაციებით შეპირობებული ნაპრალოვან-კარსტული ნაკადების იზოლირებული სისტემები; ტერიგენული ნალექების ლაბორ. კვლევის საფუძველზე დადგენილ იქნა მღვიმეებში ნალექდაგროვების თავისებურებები და სართულებრივ განლაგება, კარსტული სიღრუეების ევოლუციის კანონზომიერებები; შესწავლილ იქნა პრაქტ. საკითხები, ექსპერიმენტულად დადგენილ იქნა ქ. ჭიათურის და მიმდებარე დასახლ. პუნქტების წყალმომარაგების სისტემაში ჩართული კარსტული წყაროების კვების აუზები, მიწისქვეშა ნაკადების მოძრაობის მიმართულებები, დაბინძურების კერები და მიზეზები, შემუშავებულ იქნა პრაქტ. რეკომენდაციები. გამოვლენილ იქნა წყალმომარაგების სასმელად ვარგისი, დაბინძურებისაგან დაცული ახალი წყაროები და მოსახლეობისთვის საჭირო წყლის მიღების პერსპექტიული უბნები. ლ. ზ-ს სამეცნ. კვლევების ძირით. მიმართულება არის საქართვ. კარსტული რელიეფი, კარსტო და სპელეოგენეზის აქტუალური პრობლემები. ლ. ზ არის „საქართველოს სპელეოლოგიური კლუბი“-ს (2016) თანათავმჯდომარე და დამფუძნ., 80-ზე მეტი სამეცნ. სტატიისა და 8 მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი. გამოქვეყნებული ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის მორიტორინგი“ (2017), Complex Speleogenetic Processes and Mineral Deposition in the Caucasus Region of Georgia (2017), „კარსტულ-სპელეოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი“ (2019), „Karst Caves Origination Conditions in the Zemo Imereti (Chiatura) Structural Plateau, Georgia“ (2019), „Hydrodynamic Zones of Fissure-Karst Waters of Zemo Imereti Plateau in the Republic of Georgia“ (2020), „The results of a complex study of the Turchu limestone hollow (polie) Western Georgia, Caucasus“ (2021). გამოქვეყნებულ ნაშრომებში ძირითადად განხილულია კარსტგაჩენის პირობები და ფაქტიური, კარსტო და სპელეოგენეზის პრობლემები, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების ჩასახვისა და ევოლუციის ძირით. ნიშნები. შესწავლილი და დასაბუთებულია საქართვ. კარსტთან დაკავშირებული საინტერესო და მრავალფუნქციური ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი. ლ. ზ-ს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. (სლოვაკ.) და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნ. პროექტებში. არის მრავალი სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე. გამოკვლეული აქვს საქართვ. მრავალი კარსტული მღვიმე. მონაწილეობდა გუმიშხა-ფსირცხის, რაჭის, ოკრიბის, ხვამლის, ასხის, ზემო იმერეთის, ერწო-კუდაროს, სათაფლია-წყალტუბოს, ოდიშის, მიგარიას, ურთის, ეკის, დაფნარის, ბზვანის, სვირის და სხვა კირქვ. მასივის სპელეოობიექტების კომპლ. გამოკვლევებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები: საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი სპელეოლოგიის დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის (2019), გამოჩენილი ქართვ. გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. პრემია და ლაურეატის დიპლომი თანაავტორებთან ერთად შექმნილი ფუნდამ. ნაშრომისთვის „Platform Karst of Georgia” (2024).
თხზ: ლეჟავა, ზ. (2015). ზემო იმერეთის პლატოს და მიმდებარე რაიონების კარსტი. თბ., უნივერსალი; ლეჟავა, ზ. (2016). ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები. თბ., უნივერსალი; Lezhava, Z. (2017). Ecological investigation of karst weters in the central part of Georgia. Lap Lambert academic publishing; ლეჟავა, ზ. (2019). კარსტულ-სპელეოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. თსუ-ის გამოცემა; ლეჟავა, ზ. (2022). მიგარიას კირქვული მასივის კარსტი და მღვიმეები. თბ., უნივერსალი.
ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება.