-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი გეომორფოლოგი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლეჟავა ვახტანგ მიხეილის ძე (10. VI. 1919 – 2010, თბილისი), გეომორფოლოგი, გეოგრაფი, პედაგოგი, უმაღლ. სკოლის დამს. მუშაკი (1983). ჩაირიცხა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე (1938). გაიწვიეს II მსოფლიო ომში და იმყოფებოდა არმიაში (1941-1946). დემობილიზაციის შემდეგ გააგრძელა სწავლა ამავე ფაკ-ზე, დაამთავრა გეომორფოლოგიის სპეციალობა (1949). ლ. ვ. მუშაობდა თსუ-ში ჯერ ლაბორანტად (1948-1965); შემდეგ გეომორფოლოგიის კათედრის უფრ. მასწავლებლად (1965-დან); იყო ფაკ-ტის დეკანის მოადგილე საღამოს განყ-ბაზე (1971-1979); წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს შემდეგ საგნებში: გეომორფოლოგიური აგეგმვა და კარტოგრაფია, ზოგადი დედამიწათმცოდნეობა, გეომორფოლოგია, გამოყენებითი გეოგრაფია, საქართვ. და კავკასიის გეომორფოლოგია, ზოგადი ფიზ. გეოგრაფია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რომელთაგან 21 გამოქვეყნებულია: „სასუქის გავლენა ყურძნის მოსავლიანობაზე“ (სოციალისტური სოფელი, 1953, N4); „მიკროელემენტების როლი მოსავლიანობის გადიდებაში“ (საქართველოს კოლმეურნე, 1954, N11); „ულტრაბგერები და მათი გამოყენება“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1956, N10); “ღვარცოფები მდ. ლაფიანიხევის მდ. იორის მარცხენა შემდინარე აუზში” (საქ. სსრ გეოგრაფ. საზ-ების შრომები1959, ტ. 4); „ნაშრომი ტყის მავნებლების ეკოლოგიური კლასიფიკაციის შესახებ“ (საქართველოს ბუნება, 1963, N5). სამეცნ. თემატიკა ეხება ღვარცოფულ პროცესებს, მეწყრებს, ხრამებს, ტერასებს და სხვ. შესრულებულ სამუშაოებს აქვს თეორიული და პრაქტ. მნიშვნელობა.
თხზ.: ლეჟავა ვ. (1956). მიკროსასუქები და მათი როლი მოსავლიანობის გადიდებაში. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ.; ლეჟავა ვ. (1967). მდინარე იორის აუზის ტერასები. თბ., უნ-ტის გამ-ბა.
ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.