-
ავტორი
- კატეგორიები: მხატვარი რეჟისორი სცენარისტი კურსდამთავრებული
ლევაშოვ-თუმანიშვილი გიორგი (30. X. 1943, თბილისი-05. I. 2023, თბილისი), მხატვარი, რეჟ., სცენარისტი. ლ. გ.-მ დაამთავრა თსუ (1963); თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1971); თბილ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1976). მან კინოში მუშაობა დაიწყო როგორც მხატვარმა (,,რესტავრატორები“, 1968; ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი“, 1968, ,,ქორწილი“, 1970). მას ეკუთვნის სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაღებული არაერთი მხატვრული ფილმი: ,,მოლანდება“ შ. მარტიაშვილთან ერთად (1975), ,,საფეხურები“ (1979), ,,ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "ბედიანი" (1993) და სხვა. ასევე საყურადრებოა მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები: "პრემიერა" (1977), "მე, ლუბა ნიჟარაძე" (1978), "ექსპერიმენტი" (1979); "ხუთწლედის მატიანე", (1980), "ბიჭვინთა" (ჯ. ებრალიძესთან ერთად -1980), "რექტორი" (1981), "ალჟირის კონგრესი" (1984), "33 საუკუნის შემდეგ" (დ. შალიკაშვილთან და თ. ჩიხლაძესთან ერთად, 1985), "გამჭოლი მოქმედება" (1985), "მთვარის გლობუსი" (მ. ანთაძესთან ერთად -1987), "კატასტროფა" (ვ. კვიჟინაძესთან ერთად, 1987). ლ. გ. მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე. მან ინგლისის ტელევიზიის IV არხთან თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ვეძებთ მარჯორისა და ოლივერს" (1990); ლ. გ. იყო ტელევიზიის კინორეჟისორი (1993), საქართვ. კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის, წევრი, საქართვ. შემოქმედთა საერთაშ. ფედერ. თავ-რე (1998). მას მიღებული აქვს საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია (1982), სატელევიზიო ფილმების საკავშ. კინოფესტივალის ჟიურის პრიზი (1987), მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის ბრინჯაოს მედალი (1988), სატელევიზიო ფილმების საერთაშ. ფესტივალ "ოქროს საწმისის" II პრიზი (1988).
ლიტ.: ლევაშოვ-თუმანიშვილი გიორგი. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1998-1999, გვ. 196; ლევაშოვ-თუმანიშვილი გიორგი. ქართველი კინორეჟისორები: ნარკვევების კრებული: ნაწ. 2. თბ., 2007; ლევაშოვ-თუმანიშვილი გიორგი. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 5. თბ., 2023. გვ. 321.