კვიტაიშვილი ემზარ დავითის ძე
კვიტაიშვილი ემზარ დავითის ძე

კვიტაიშვილი ემზარ დავითის ძე (27.XI.1935,  ქ. თბილისი), ფილოლოგი, პოეტი. ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1969), ფილოლოგიის დოქტორი (2007). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1959) და ასპირანტურა. არის თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1974); სხვადასხვა დროს მუშაობდა საქ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტის გამომც. კადრების უფრ. ინსპექტორად (1956-1960) და ამავე გამომც. რედაქტორად (1960-1961). კ.ე.-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა კლასიკური და თანამედროვე ქართ. ლიტ-რა, ქართ. ლექსის ბუნებისა და მისი რითმული სტრუქტურის კვლევა. მან საფუძვლიანად შეისწავლა გ. ლეონიძის პოეტური შემოქმედება და გამოაქვეყნა მონოგრაფია „ქართული სიტყვის ბაზიერი.  გიორგი ლეონიძე“ (2003), რომლის გადამუშავებული და შევსებული გამოცემაა „ქართული სიტყვის ბაზიერი. პოეტი გიორგი ლეონიძე“ (2021). ამ ფუნდამენტურ გამოკვლევაში გაანალიზებულია გ. ლეონიძის პოეზიის თემატიკა, პოეტური ხერხები, სახე-სიმბოლოები, რითმის სახეები, კვლევა შეიცავს თემასთან დაკავშირებულ ფილოლოგიურ-ისტორიულ წიაღსვლებსაც. კ.ე. იკვლევს სალექსო ფორმებს, კერძოდ, მან სიღრმისეულად შეისწავლა ქართ., ევრ. და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები: საფოს, ალკეოსის, გალაკტიონის, რონსარის, ბერნსის, ონეგინის სტროფები, რონდო, ოქტავა, მადრიგალი, მუხამბაზი, დუბეითი, ყოშმა. აღნიშნული კვლევის შედეგები ასახულია ავტორთა კოლექტივის მიერ მომზადებულ მონოგრაფიულ ნაშრომში „ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში: ისტორია. თეორია“ (ნაწ. 1, 2018). კ.ე.-ს ეკუთვნის ნაშრომები ქართვ. პოეტების ა. წერეთლისა და ვაჟა-ფაშაველას, რითმაზე, იგი არის ავტორი მე-20 საუკუნის სხვადასხვა ქართ. მწერლის შესახებ დაწერილი ათეულობით სამეცნ. სტატიისა. კ.ე.-ს სახელს უკავშირდება მე-20 ს. მეორე ნახევრის ქართვ. პროზაიკოსის, რ. ჭეიშვილის, შემოქმედების მონოგრაფიული კვლევა, რ-ის შედეგებმაც თავი მოიყარა ორტომეულში „რეზო ჭეიშვილის გვერდით“ (ნაწ. I-II; 2022, 2025). ეს პირველი ფუნდამენტური ნაშრომია, რ-შიც ბიოგრაფიულ დეტალებთან ერთად დეტალურადაა განხილული რ. ჭეიშვილის ვრცელი პროზაული მემკვიდრეობა: ნოველები, მოთხრობები, რომანები; წარმოჩენილია მწერლის შემოქმედებითი ლაბორ. ნიუანსები, გავლებულია პარალელები მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებთან, ტექსტები გაანალიზებულია და ქართვ. მწერალი წარმოჩენილია, რ-ც მსოფლიო სატირული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. აღსანიშნავია კ. ე.-ს სარედაქციო საქმიანობაც, კერძოდ, მან შეადგინა რ. ინანიშვილის, ი. აბაშიძის, გ. ლეონიძის პოეტური კრებულები,  ქართ. პოეზიის ანთოლოგია, ქართ. პოეზიის 15-ტომეულის XII (1982) და XVI (1985) ტომები, მისი რედაქტორობით დაბეჭდილია გ. ტაბიძის („თხზულებანი 15 ტომად“, ტ. 1, 2016), ა. წერეთლის („ქართული მწერლობა 50 ტომად“, ტ. 12, 1996) და სხვა ქართვ. ავტორთა პოეტური კრებულები. კ. ე.-ს წვლილი მიუძღვის თარგმანის საქმეშიც,  კერძოდ, მას ეკუთვნის ავსტრიელი პოეტის ი. ვაინჰებერის ლექსების პოეტური თარგმანები, რ-ებიც დაბეჭდილია წიგნში „მე-20 საუკუნის ავსტრიული ლირიკა. Osterreichische Lyrik des 20. Jahrhunderts. მასალები“ (ტ. 6, 2009). იგი არის ოცამდე პოეტური კრებულის ავტორი. კ. ე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997), გრ. კიკნაძის სახ. (2015), ა. წერეთლის სახ. (2016) და საქართვ. სახელმწ. პრემიებით(1992).

თხზ.: კვიტაიშვილი, ე. (1971). ვაჟა-ფშაველას რითმა. თბ., საბჭ. საქართველო; კვიტაიშვილი, ე. (1990). აკაკი წერეთელი. თბ., ცოდნა; კვიტაიშვილი, ე. (2011). ცხოვრება გვანჯი ჩიქოვანისა. მუშნი დადიანი: წერილები, დღიურები.  თბ., ISBN 9789941038037; კვიტაიშვილი, ე. (2015). სამსახეობა თამაზ ჩხენკელისა. თბ., ჩვენი მწერლობა, ISBN 9789941074707; კვიტაიშვილი, ე. (2024). საქართველოს ლექსის მეხანძარენი გალაკტიონ ტაბიძე და გიორგი ლეონიძე ერთ ჭრილში. თბ., მერიდიანი, ISBN 978-9941-34-471-8.